გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. მას შემდეგ, ოცი წელი გავიდა და "პალიტრის" გუნდმა, ერთი გაზეთის გამოცემის იდეიდან შექმნა მულტიმედიაჰოლდინგი, რომელიც მოიცავს პრინტ, ინტერნეტ, რადიო და ტელე მედიას. 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე "პალიტრის" გუნდისთვის მთავარი ფასეულობებიც არ შეცვლილა.
20 წლის აღმნიშვნელი საზეიმო მიღება 16 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ ჰოლდინგის თანამშრომლის, კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო, ეს ღონისძიება გაუქმდა.
ამბები.გე "მედიაპალიტრის" მარკეტინგის დირექტორს, თამთა ასლანიშვილს გაესაუბრა:
- 16 აპრილს, "კვირის პალიტრისა" და "მედიაპალიტრის" იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გვქონდა დაგეგმილი. ძალიან დიდხანს ვემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის, დეტალების დაგეგმვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყეთ. ბევრ საპატიო სტუმარს ველოდებოდით მიღებაზე და გვინდოდა, ერთად აღგვენიშნა ეს მნიშვნელოვანი თარიღი. დაგეგმილი იყო საინტერესო კონცერტი, ბევრი სიურპრიზიც გვქონდა მომზადებული, მაგრამ ჩვენი თანამშრომლის, კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები. ჰოლდინგის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება ღონისძიების გაუქმების შესახებ. ალბათ დამეთანხმებით, რომ არ იქნებოდა სწორი, გვეზეიმა ასეთ დროს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტუმრებიც მხარს დაგვიჭერენ ამ გადაწყვეტილებაში.
ასევე გადავდეთ 17 აპრილს დაგეგმილი კორპორატიული საღამოც. მხოლოდ 18 აპრილს აღმაშენებლის გამზირზე, ვარდების ბაღში "პალიტრა მედიას" დიდი გამოფენა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი და ტელერადიო წამყვანი კოტე თოლორდავა 11 აპრილს, მოსკოვში გარდაიცვალა.
კოტე "პალიტრამედიის" აქტიური თანამშრომელი იყო, მას მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად, TV-რადიო "პალიტრაში" "შუადღის ამბები განოსთან და კოტესთან ერთად" მიჰყავდა. ასევე ახმოვანებდა ტელესერიალებსა და სხვა გადაცემებს.