საქმეში ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოპერატორებიც არიან გარეული
მიმდინარე წლის 5 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები დააკავა, რომლებსაც ყალბი მონაცემები შეჰქონდათ არაფუნქციონირებადი საწარმოს გასული წლის დეკლარაციებში, რითაც ფიქტიურად დასაქმებულებად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. სქემის მიხედვით, დაჯგუფება მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს აგზავნიდა და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. გამოძიების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მითვისებული ნახევარ მილიონამდე ლარი ამოღებული იქნა.
სამართალდამცველებმა დამნაშავეები იმ დროს გამოააშკარავეს, როცა თანხის გარკვეული ნაწილი ანგარიშებზე უკვე გადარიცხული იყო, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილის ჩარიცხვამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. გამოძიების ინფორმაციით, ამ საქმეში 2 000-მდე პირია ჩართული. თუმცა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ ორგანიზატორები მისცეს. როგორც ბპნ.გე-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, 1 904 მოქალაქის მიმართ, რომლებიც საწარმოს თანამშრომლებად იყვნენ გაფორმებულები, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება. მაკონტროლებელ უწყებაში აცხადებენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის მითვისების მცდელობის ფაქტზე მცირე თაღლითობები ადრეც გამოუვლენიათ, თუმცა ასეთი მასშტაბური სახის დანაშაული პირველად მოხდა. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე შპს "პრო-მაშინის" დამფუძნებლები ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში სხვადასხვა ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოპერატორები - სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე და ვასილ გაბუნია მისცეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოპერატორები, დანაშაულებრივ ჯგუფს მათი კომპანიის კლიენტების პირადი მონაცემების ასლებს უგზავნიდნენ. ამ მონაცემების საფუძველზე თაღლითები მოქალაქეებს "პრო-მაშინის" თანამშრომლებად აფორმებდნენ, შემდგომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციას ავსებდნენ, კომპანიის ანგარიშის ნომერს უთითებდნენ და დაუბეგრავი მინიმუმის თანხების გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე ხორციელდებოდა.