ახალი დეტალები სირიაში წასული პანკისელი ახალგაზრდების საქმეში - მოზარდები თბილისის აეროპორტში ტაქსით წაიყვანეს

ახალი დეტალები სირიაში წასული პანკისელი ახალგაზრდების საქმეში - მოზარდები თბილისის აეროპორტში ტაქსით წაიყვანეს

პანკისიდან სირიაში გადასული ახალგაზრდების ოჯახების ინფორმაციით, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს ტერიტორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატოვეს.

როგორც მუსლიმ კუშტანაშვილის ბებიამ, შარიათ წინწალაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მოზარდები თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე ტაქსით მივიდნენ.

"მუსლიმი 16 წლის არ არის და როგორ წავიდოდა თავისით, თუ აქ არ არის მოწყობილი? ან როგორ გაატარეს არასრულწლოვანი ბავშვი აეროპორტში? აქედან ტაქსით გაუგზავნიათ ორივე, ალბათ აეროპორტში დახვდათ ვიღაც და იქიდან გააპარეს. მუსლიმის მამამ ის ტაქსისტები მოძებნა და დაკითხა. როგორც მან თქვა, ბავშვები თბილისის აეროპორტთან მიიყვანა", - განაცხადა შარიათ წინწალაშვილმა.

მისივე განმარტებით, შვილიშვილისგან "ისლამური სახელმწიფოს" თემაზე საუბარი არასდროს მოუსმენია. "ამ თემაზე საუბარი არასდროს ჰქონია. არ ვიცი როდიდან დაიწყო ამაზე ფიქრი. ბოლო ორ კვირაში თუ მოხდა რამე – წასვლის შემდეგ მასწავლებლებმა გვითხრეს, ერთი-ორი კვირა სკოლას აცდენდაო", - აღნიშნა წინწალაშვილმა.

მუსლიმ კუშტანაშვილის დედის, ამინათ წინწალაშვილის თქმით კი, რამდენიმე დღის წინ შვილმა ტელეფონით დაურეკა, თუმცა არ დაუკონკრეტებია სირიაში იყო თუ თურქეთში.

"არაფერი არ მითხრა, მითხრა მოშორებით ვართ, რაღაც სახლშიო. ომი და ასეთი რაღაცები არ არისო. არ უხსენებია არც სირია, არც თურქეთი. მითხრა, რომ არ მენერვიულა, მალე დავბრუნდები, თუ გამოგვიშვეს, ხვალვე მზად ვარ სახლში წამოვიდეო. არ გვქონდა საშუალება, რომ ბევრი გველაპარაკა. არ უთქვამს რატომ და რისთვის წავიდნენ", - აღნიშნა 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის დედამ.

ამინათ წიწილაშვილის განცხადებით, იმ ნომერზე დაკავშირება, რომლითაც შვილმა დაურეკა, ვეღარ ხერხდება. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ მუსლიმ კუშტანაშვილთან ვინმეს ინტერნეტით ჰქონოდა კონტაქტი, 16 წლის მოზარდის დედამ აღნიშნულის შესაძლებლობა არ გამორიცხა და განმარტა, რომ თავად კომპიუტერი არ აქვთ, თუმცა სოფელში "კომპიუტერები და ინტერნეტი არის".

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: პანკისის ხეობიდან სირიაში კიდევ ორი მოსწავლე წავიდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია