''არ დავდევ ყველა კაბიანს, თუმც შენი დაპყრობა მწადია'',- ასეთი სიტყვებით მიმართა ნუგზარ ერგემლიძემ შორენა ბეგაშვილს თავის ახალ სიმღერაში. სიმღერისა და კლიპის გადაღების იდეა კი მომღერალს მაშინ გაუჩნდა, როდესაც გადაცემა ''ჭირვეულის მორჯულებაში'' შორენას მორიგი ქმრის როლი მოირგო. სიმღერა მცირე ხანია, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- კლიპის გადაღების იდეა როდის გაჩნდა?
- როდესაც შემომთავაზეს ''ჭირვეულის მორჯულებაში'' მონაწილეობა, მაშინ დავფიქრდი, რომ შორენას მონაწილეობით გადამეღო კლიპი. ამის სურვილი განსაკუთრებით მაშინ გამიჩნდა, როდესაც შორენას ვხატავდი. ძალიან საინტერესო მომენტი იყო და გადავწყვიტე, ეს არა მარტო გადაცემაში დარჩენილიყო, არამედ ჩემს სიმღერასა და კლიპში ამესახა. სიმღერაც იმ მომენტში დავწერე და ფაქტობრივად, შორენას მივუძღვენი.
სხვადასხვა საქმიანობით ვარ დაკავებული, ხან ვხატავ, ხან სცენარებს ვწერ და არც ერთი მუსიკალური თუ არამუსიკალური არხისთვის არ მიმიმართავს, რომ კლიპი ეთერში გაეშვათ. ჩემმა მეგობარმა მერაბ ხუჭუამ, რომელმაც კლიპი დაამონტაჟა, თავისი სურვილით ატვირთა ''იუთუბზე''. ძალიან გამიკვირდა, რომ პოპულარული გახდა. მცირე ხანია, რაც აიტვირთა და ქართველმა მეგობრებმა, რომლებიც ყაზახეთსა და რუსეთში ცხოვრობენ, დამირეკეს და მითხრეს, რომ ნახეს კლიპი. რა თქმა უნდა, იუმორშია ყველაფერი გადაწყვეტილი. მე კი მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩემი ნახატი გამოჩნდა.
- შორენას იცნობდით?
- ცხოვრებაში არ მყავდა ნანახი. გადაცემაში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, სიუჟეტი გამაცნეს. შორენა იმ დროს უნდა გამეცნო, როცა თითქოს მანქანა გაუფუჭდა. სინამდვილეში მანქანა არ გაფუჭებია, მაგრამ პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც მანქანიდან გადმოვიდა.
- გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ გაგრძელდა თქვენი მეგობრობა?
- შორენა მერე არ მინახავს, ჩვენ მხოლოდ ეს კლიპი გვაკავშირებს.