ვისაც რეზო ჩხეიძის უკვდავი ფილმი "ჯარისკაცის მამა" უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის მამაპაპური ალიყური, რითაც რიგითი გიორგი მახარაშვილი რუს ჯარისკაცს უმასპინძლდება, მის დასაცავად გამოვარდნილ ოფიცერს კი საყელოთი დაითრევს და გინებასაც მიაყოლებს, რადგანაც მათ ბრძოლის ველად ქცეულ გერმანულ ქალაქში ვიღაცის მადლიანი ხელით გაშენებული ვაზი გაანადგურეს. კინაღამ სწორედ ეს სეცნა გახდა მიზეზი იმისა, რომ "ჯარისკაცის მამა" არათუ თაროზე შემოედოთ, არამედ საერთოდ დაეჩეხათ.
ფილმი 1964 წელს გადაიღეს. მაშინდელი წესისამებრ, სურათი "დასამტკიცებლად" მოსკოვში უნდა წაეღოთ და თუ იქაური კომისია "დაბრაკავდა", უარეს შემთხვევაში სამუდამოდ თაროზე შემოდება, უკეთეს შემთხვევაში კი განადგურება არ ასცდებოდა. გაიმართა დახურული ჩვენება. წარმოიდგინეთ,კინოდარბაზი, სადაც საკავშირო კინოს ჩინოსნებისა და ათასი ჯურის ცენზორების მხარდამხარ მრავლად სხედან საპარადო ფორმაში გამოწყობილი მილიციისა და სამხედრო უწყების ოფიცრები და გენერლები. დასრულდა ფილმი, დარბაზი გასუსული კარგა ხანს იყო, მერე კი დაიწყო და რა დაიწყო... წამოვიდა ლანძღვა-გინების ნიაღვარი. სურათის თაროზე შემოდებას ვინღა ჩივის, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი იმის მოლოდინშია, რომ დარბაზიდან გასვლისთანავე დააპატიმრებენ. მთელი ეს დავიდარაბა კი იმ ცნობილ სცენაში ნაჩვენებმა კახურმა ალიყურმა გამოიწვია, რის გამოც ფილმის შემქმნელები სუბორდინაციის დარღვევაში, ნაციონალური შუღლის გაღვივებასა და კიდევ ათას ანტისაბჭოთა ქმედებაში დაადანაშაულეს. ბოლოს ერთი ხნოვანი გენერალი წამოდგა, რომელსაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოეტანა. "ოფიცერს რიგითმა ჯარისკაცმა კი არ დაარტყა, არამედ მამამ ასწავლა შვილებს ჭკუა!" - განაცხადა გენერალმა, რომელმაც ფილმში გადმოცემული ამბავი სწორად შეაფასა.