პანკისის ხეობიდან სირიაში წასული სკოლის ორი მოსწავლე უკვე სირიის ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მოზარდების ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
მათი ცნობით, 16 და 18 წლის მოსწავლეები ამ დროისთვის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან სწავლებას.
"ტელეფონით დაგვიკავშირდნენ. გვითხრეს, რომ კარგად არიან. ჯერ ომი არ უნახავთ. სწავლებას გავდივართ და არ ინერვიულოთო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს არასრულწლოვანი მოზარდის ბებიამ შაირათ კუშტანაშვილმა.
პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქეების გადინებას პანკისელი რადიკალური ისლამის მიმდევრები უწყობენ ხელს, რასაც რეგიონისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.
"ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფომ წმენდითი პოლიტიკა თუ არ გაატარა, ხეობაში ახალგაზრდა აღარ დარჩება, რაც გენოფონდს შეუქმნის საფრთხეს. ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ის მიმაჩნია, რომ რუსეთი მუდმივად აპელირებს, რომ პანკისში ტერორისტებს ამზადებენ და აქედან ახალგაზრდების გადინება თუ არ შეწყდა, არა მარტო ხეობას, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ", - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
არსებული ინფორმაციით, სირიაში ასამდე პანკისელი იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს არის გარდაცვლილი.