როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანი სააღდგომო ლიტანიობისთვის და რა მოეთხოვება მას ყველაზე მეტად

როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანი სააღდგომო ლიტანიობისთვის და რა მოეთხოვება მას ყველაზე მეტად

ლიტანიობა დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიის გარშემო აღვლენილი სავედრებელი ლოცვაა, რომელსაც გალობით უერთდებიან მორწმუნენი. მაგალითად, აღდგომას მსვლელობა შუაღამისას სრულდება. მღვდელმსახურნი ჯვრით, ხატებითა და მორწმუნენი ანთებული სანთლებით, ლიტანიით გარს უვლიან ტაძარს.

ხშირად ამ დღესასწაულზე ქართველები ეროვნული ტანსაცმლითაც იმოსებიან (განსაკუთრებით მამაკაცები) და ასე ცხადდებიან აღდგომის ღამეს ტაძარში. უმრავლესობა ამისთვის შინაგან განწყობას ლოცვით იქმნის.

ზოგადად, როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანი ლიტანიობისთვის და რა მოეთხოვება ყველაზე მეტად, ამ თემაზე საუბარი სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, გიორგი სანამაშვილს ვთხოვეთ.

- მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან დიდი სიხარული და იმედია. ის აცნობიერებს იმას, რომ სიკვდილი სიცოცხლით გრძელდება, რომ ადამიანის სული უკვდამყოფობს.

ზოგადად კი ყველაფერი მაინც ჩვენზეა დამოკიდებული - სად დავიმსახურებთ ადგილს - მარადიულ ნეტარებასა თუ სატანჯველში. მოკლედ, ამ დღესასწაულისთვის ადამიანები იმედით ივსებიან, უახლოვდებიან რა ტაძარს.

- როგორც ვიცი, მართლმადიდებლური დღესასწაულებიდან მხოლოდ აღდგომის დღესასწაული იწოდება ბრწყინვალედ.

- დიახ, სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, აღდგომა მართლაც გამორჩეულია თავისი არსით და ამიტომაც არ მოიხსენიება არც ერთი მათგანი ასე.

- ბევრი ქართველი ლიტანიობის ღამეს, განსაკუთრებულ განწყობას იქმნის და ტაძარში ეროვნული ტანსაცმლით ცხადდება.

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს იმ წუთებში საკუთარი შინაგანი სამყარო გარეთ გამოაქვს, რაც მის ტანისამოსზეც, თუნდაც სუფრის ტრადიციაზე, ან თუნდაც გამოიხატება იმ პერიოდში სახლის დალაგებაში (ისე, სახლი ნებისიერ დროს უნდა ლაგდებოდეს და აღდგომას არ უნდა ელოდებოდნენ). მოკლედ, ამ დროისთვის გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველა ფუცი-ფუცობს. ამიტომ ხშირად, მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მამათა ცხოვრებიდან ასეთ პატერიკს ამბობს ხოლმე: ქალი იდგა ლოცვად და ღმერთს ევედრებოდა, რომ ღმერთო, მინდა, გნახო და მოდი ჩემთან. ამისთვის ღმერთმა უთხრა, მოემზადე და მე მოვალ შენთანო. ეს ქალბატონი შეუდგა სახლის დალაგებას. იმ დროს მათხოვარმა ჩამოიარა, შენთვის არ მცალია, უფლის დასახვედრად ვემზადებიო და გაუშვა. მათხოვარმა ისევ ჩამოიარა და ქალმა ის კვლავ გაუშვა. სახლი რომ მოაწესრიგა და ლოცვად დადგა, - ღმერთო, მზად ვარ და გელოდები. მან კი მიუგო, - მე ვიყავი შენთან და არც ერთხელ გამიღე კარიო.

ამიტომ კარგია სახლის დალაგება, ტანზე მოხდენილი სამოსის მორგება, კარგი საკვები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო მოვამზადოთ და გარეთ ის გამოვამზეუროთ...

- ისიც ხომ სამზადისია, რომ უამრავი მორწმუნე ამ დროს ზიარებისთვის ემზადება...

- მორწმუნე ადამიანზე ალბათ არც ითქმის რამე, რადგანაც წინ 48-დღიანი მთელი მარხვის პერიოდი და ვნების შვიდეული ჰქონდა და მას კრძალვით, რიდითა და დათმენით ინახავდა. ამიტომ, მისთვის მართლა ბრწყინვალებს ეს დღესასწაული, რომელსაც დიდი სასოებით ელოდება. ის პერიოდულად აღსარებას აბარებს, ცოდვებს ინანიებს და მერე მაცხოვრის სისხლსა და ხორცს კრძალვით მიეახლება და იღებს წმიდა ზიარებას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია