"წმინდა ცეცხლი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, პირველად ჩვენ ჩამოვაბრძანეთ, წელს საქართველოში ცეცხლი ოცდამესამედ ჩამოდის", - მითხრა ლაშა ჟვანიამ, "პილიგრიმ ტურსის" დამფუძნებელმა. ადამიანმა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წმინდა მიწიდან ღვთაებრივი ცეცხლის ჩამობრძანების ისტორია უკავშირდება.
ლაშა ჟვანია ახლაც იერუსალიმში, პილიგრიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ამ სასწაულს.
- ღვთიური ცეცხლი პირველად აქ 1995 წელს ჩამობრძანდა, როდესაც მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით იერუსალიმში ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგელობაშიც იყვნენ დედები: ანსტასია გელაშვილი, ეფემია მახარაძე, თეოდორა მახვილაძე და მეც მათ შორის. მაშინ სტუდენტი ვიყავი და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გახლდით იქ. მანამდეც ვიყავი იერუსალიმში, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა, 1993 წელს იერუსალიმის ეკლესიების მოსალოცად და თან, იქ ურთიერთობის განსაახლებლად, გზების მოსაძიებლად გამგზავნა, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ისრაელთან საქართველოს ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა. ცეცხლის ჩამობრძანებაც არ ხდებოდა, თან, მაშინ პირდაპირი რეისებიც არ იყო და სხვადასხვა საშუალებებით გვიწევდა გადაჯდომა-გადმოჯდომით ცეცხლის აქ ჩამობრძანება. ან თუ იყო, კვირა დღეს არა და ა.შ.
- როგორც ვიცი, ჩარტერული რეისით ცეცხლის საქართველოში ჩამობრძანება 1999 წელს მოხერხდა.
- კი, 1999 წლიდან სპეციალური რეისი სრულდება და უკვე 15 წელია, რაც წმინდა ცეცხლი ამ რეისით ჩამოაქვთ აღდგომის ღამეს. ხომ ვამბობ, მანამდე, 1995 წლიდან სხვადასხვა ხერხით აღწევდა ჩვენამდე. მახსოვს, ერთხელ ბრწყინვალე სამშაბათსაც ჩამოვაბრძანეთ.
- ე.ი. საბჭოთა პერიოდში ეს არ ხერხდებოდა, ხომ?
- ადრეულ წლებში ისტორიას არც აქვს შემონახული, თუ როდის ჩამობრძანდა 1995 წლამდე საქართველოში ცეცხლი. მოგეხსენებათ, მაშინ კომუნიკაციაც ნაკლები იყო, ამიტომ, გემით, ფეხით მოსიარულე პილიგრიმებს გაუჭირდებოდათ ცეცხლის ჩამოტანა. მხოლოდ კომუნიკაციების განვითარების შემდეგ მოგვარდა ეს საკითხი.
- ასე რომ, 20 წლის განმავლობაში ეს საქმე პირდაპირ თუ ირიბად თქვენ გიკავშირდებათ. აღდგომას და წმინდა ცეცხლის გადმოსვლას იესრუსალიმში ხვდებით.
- კი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში იყო გამონაკლისებიც, თუ არ ვცდები. 1996-1997 წლებში იერუსალიმში ვერ ჩავედი და აღდგომას საქართველოში შევხვდი. დანარჩენი ამ დღესასწაულის წინა პერიოდს იერუსალიმში ვატარებ. თან, ისიც იყო, რომ იქ სამსახურებრივი მისიით 7 წელი გახლდით...
ერთხელ ბრწყინვალე სამშაბათს რომ ჩამობრძანდა ცეცხლი, რაზეც ვისაუბრე, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ სასწაულს დაესწრო საქართველოდან, მერაბ გოცირიძე გახლდათ, რომელიც იქ რაღაც კონფერენციაზე იყო და მას გამოვატანე სამშაბათს ცეცხლი.
- კიდევ ერთხელ, სულ პირველი წელი რომ გავიხსენოთ...
- 1995 წელს 31-ე ქარხნის ბაზაზე ცეცხლისთვის სპეციალური ჭურჭელი დამზადდა, დედა ანასტასია გელაშვილი ძალიან შეეცადა იმას, რომ დიდი, ლამაზი ჭურჭელი ყოფილიყო. მაგრამ ცეცხლის გადმოსვლისას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ჭყლეტაში მოვყევით და საერთოდ დაიმტვრა ის სპეციალურად დამზადებული ჭურჭელი, არადა, საკმაოდ მოზრდილი და კარგი რამ იყო. მერე ადგილზე ვიყიდეთ ფარანი და ცეცხლი იმით ჩამოვაბრძანეთ.
- ჭყლეტა ახსენეთ და ცნობილია, რომ იქ ამ დროს, უამრავი ადამიანი იყრის თავს. როგორ ახერხებთ ხოლმე შესვლას? სულ ჭყლეტაში ხვდებით, თუ გიმართლებთ?
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პილიგრიმების მატება 90-იანი წლების ბოლოსკენ დაიწყო. 1999 წელს პიკს მიუახლოვდა, 2000-ში - დაეცა, საომარი მდგომარეობები იყო და 2006 წელს ნაკლები ხალხი გახლდათ. მერე ისევ მოიმატა.
1995 წელს ზუსტად მაცხოვრის საფლავის გამოსასვლელთან მოვხვდი ისე, რომ იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი რომ გამოვიდა, მახსოვს, საოცარი სიხარული ვიგრძენი და პირველად მე გადავუკიდე ცეცხლი ჩემს სანთლებზე.
2003 წელს პატრიარქ ირინეოსს გავყევი. იმ პერიოდში ჩვენს სამთავრობო დაცვაში თემურ ძიძიგური, ასეთი ადამიანი მუშაობდა, რომელიც იმ პერიოდში იერუსალიმის პატრიარქს დაცვაშიც კი ედგა. ის იქ ხალხმრავლობის გამო, მისი პირადი დამცველი აღმოჩნდა, რომ პატრიარქი არ გადაეჭყლიტათ. თემური სწორედ ამიტომ ჩავიყვანე, რადგანაც წინა წელს (2002-ში) ცუდი ფაქტი მოხდა, იერუსალიმის პატრიარქი (იმ წელს პირველად იღებდა ცეცხლს, ახალი აღსაყდრებული იყო) მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლით რომ გამოვიდა (იქვე მოვხვდი) და ცეცხლი სანთელზე გადავუკიდე და მაშინ სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა ანთებული სანთლების 33-იანი შეკვრა ხელიდან გასტაცა და პატრიარქს მხოლოდ მარცხენა ხელში ეკავა სანთლების ანთებული შეკვრა. რადგან გვერდით ვიდექი და ცეცხლი უკვე გადაკიდებულიც მქონდა სანთლებზე, მარცხენა მხრიდან, უკნიდან მივუახლოვდი და ჩემი ანთებული სანთლები პატრიარქს მარჯვენა ხელში ჩავუდე და ასე გავიყვანეთ მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხევლამდე, იქვე, ზუსტად მაცხოვრის საფლავის მოპირდაპირე მხარეს... ასეთი ფაქტებიც ხდება ხოლმე. ამის შემდგომ უკვე ისრაელის პოლიციამ მეტად დაიწყო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის ორგანიზებაში ჩარევა. ამიტომ ძველი ქალაქის შესასვლელები იკეტება და ყველას არ შეუძლია იქ მოხვდეს. სპეციალური საშვები გაიცემა. იერუსალიმის საპატრიარქოც გასცემს და ძირითადად, მაინც იერუსალიმის პოლიცია.
- თქვენ რა საშვით სარგებლობთ?
- მე პირადი ნაცნობობით ვშოულობ ხოლმე საშვს, უმეტესად კი, ღმერთის წყალობით. არის, რომ პარასკევს რჩებიან ტაძარში მომლოცველები და ისე ხვდებიან ამ ცერემონიალზე...
ისე, უნდა გითხრათ, რომ იერუსალიმის, ძველ ქალაქში გავიზარდე და ყველა მიცნობს. თუმცა 2012 წელს ასეთი რამ მოხდა, ჩვენი ჯგუფი, რომელიც 50 კაცისგან შედგებოდა და საშვებიც ჰქონდათ, სიონის კარიბჭესთან დატოვეს.
- რატომ?
- კოპტების დიდმა ნაკადმა გადაანგრია ბარიერი, მაცხოვრის საფლავის ეკლესიის ეზოში და იქ არეულობა შეიქმნა. ამიტომ პოლიციამ ჩაკეტა ყველა გზა და ისეთი დელეგაციები, რომლებსაც საშვი ჰქონდათ, გარეთ დარჩნენ. გული დამწყდა, შემეცოდნენ ჩვენები, რომ ვერ ახერხებდნენ შესვლას და სოლიდარობის ნიშნად, მათთან დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ მე თავისუფლად შევიდოდი. ასე შევხვდით ცეცხლის გადმოსვლას ძველი ქალაქის კედლებს მიღმა.
- ცეცხლის გადმოსვლისას რას გრძნობთ ხოლმე?
- ეს იმდენად დიდი მადლი და სიხარულია, რომ წამიერად ვრცელდება ადამიანებზე, თუნდაც კედლის გარეთ იდგნენ. ყველაფერზე უპირატესია. ისევე, როგორც აღდგომის სიხარული არის ჯვარცმაზე უპირატესი. ის დღეები, როცა მართლმადიდებლური ეკლესია ვნების შვიდეულს გადის, რაც უცბად ქრისტეს აღდგომის სიხარულით იცვლება, ისიც ასევეა. სწორედ ამაშია აღდგომის დიდი საიდუმლოც.
- წელს რა გეგმები გაქვთ?
- წელს ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ იერუსალიმში ვრჩები და ჩარტერულ რეისს არ ჩამოვყვები საქართველოში. ამაზე მისი უწმინდესობისგან კურთხევა ავიღე. მინდა, რომ ეს სიხარული უფლის საფლავთან უფრო გავიხანგრძლივო.
ამჟამდ საქართველოდან 115 ადამიანი მოემგზავრება და ისინი ჩარტერული რეისითვე დაბრუნდებიან.
ყველას გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!
ლალი ფაცია
სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის