ვინც მამა პეტრეს (კვარაცხელია) პოეზიას იცნობს, აუცილებლად დამეთანხმება, რომ საოცრად გულწრფელი, ლაღი და ხალასია. თვითონ აღიარებს, რომ პოეზია მისთვის ყველაფერია, ისევე, როგორც სამშობლო ან თავისი მშობლიური მხარე - სამეგრელო, სადაც დაიბადა და ფეხი აიდგა. ალბათ ამიტომ, ფსევდონიმადაც "პეტრე კოლხი" აირჩია. მამა პეტრეს თქმით, მისი ლექსები უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამოძახილია. მამა პეტრე საქართველოზე და ჩვენი საზოგადოების ნაკლსა თუ ღირსებებზე გულღიად, დაუფარავად გვესაუბრება:
- მამა პეტრე, რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში პოეზიას?
- პოეზიით ვსუნთქავ. პოეზია, შემოქმედება ჩემთვის ყველაფერზე მეტია. როგორც ასკეტ ბერს ენატრება სენაკში მიბრუნება და განმარტოებული საუბარი უფალთან, მეც ისეთივე შეგრძნება მაქვს ლექსის წერისას ან კითხვისას. ვფიქრობ, რომ პოეზიაა თუნდაც მოგზაურობა, სასურველ ადამიანთან მოულოდნელი შეხვედრა, მზის ჩასვლის ყურება, გაზაფხულის წვიმაში დასველება, მაგრამ ჩემთვის ღვთისმსახურება მაინც ყველაზე დიდი პოეზიაა...
- თქვენი ლექსები ხშირად სიყვარულზეა. როგორ ფიქრობთ, სასულიერო პირი ხორციელ სიყვარულზე უნდა წერდეს?
- პავლე მოციქული ბრძანებს: ,,უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რამე ვარ..." ეს ჩვენ ვყოფთ სიყვარულს გაურკვეველ ნაწილებად. მაშინ მე დაგისვამთ შეკითხვას - რა არის სულიერი სიყვარული?! საოცარ სიტყვებს ამბობს გურამ ასათიანი: ,,სიყვარული პოეზიის პირველი მიზეზია... კაცობრიობას ის ბავშვობის სიზმრებიდან მოსდევს. ვიდრე ერის გული მისი პირველგამომხატველის, "ეროვნული პოეზიის" სახით სიყვარულის უნარს ინარჩუნებს, მისი დაბერება არ იქნება. ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს. ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ. ათასი გოროზი გულის ძახილი შეეწირა დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას. უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც... ინავლება სიყვარულიც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება, ვით ბაზმა გაუქრობელი", ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა: ძევახ, სიცოცხლეო ჩემო! კაცობრიობას რაც ღირებული აქვს, მხოლოდ სიყვარულის ნაყოფია. ,,სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე".
- რას ნიშნავს თქვენთვის კოლხობა და იმ უძველესი კუთხის შვილობა, სადაც გაიზარდეთ? ამავე დროს, რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა?
- ჩემთვის ყველაფერია კოლხეთი: აიეტის ძლევამოსილება, მედეას გრძნეული ბუნება, ფარტაძის მჭევრმეტყველება, ქუჯის სიდარბაისლე, ცოტნეს გმირობა და სევდიანი მეგრული სიმღერა... კოლხეთი ჩვენი ქვეყნის მტკიცე და ურღვევი ქვაკუთხედია. კოლხეთი ჩემი საქართველოა. ყველაზე სუფთა და მართალი... სამწუხაროა, მაგრამ არ მომწონს დღევანდელი ქართველობა, ოღონდ ამ ,,არმოწონების" ნაწილი მეც ვარ: ხარბები და უმადურები გავხდით. მუდამ წარსულს მივტირით და მიღწეულით ვკმაყოფილდებით. დღეს ქართველები მხოლოდ გმირული წარსულით იწონებენ თავს, არადა, ჩვენც ხომ ისტორიის მემკვიდრეები ვართ, ჩვენც ვაგებთ პასუხს თაობების წინაშე და რით?! - დაკარგული სამაჩაბლოს გახსენებით - სადღეგრძელოებში, ხოლო აფხაზეთის ტკივილის აფიშირებით - ბანერებში... ,,ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა - ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს, უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავსა და ბოლოს მისწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულს თელავდეს."''
- მამა პეტრე, ჩვენი საზოგადოება მეტისმეტად მომთხოვნი ხომ არ არის სასულიერო პირების მიმართ? - ხშირად განიკითხავენ მათ მობილურების, ჯიპების, თუ სხვა რამის გამო... როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა მოძღვარს ჯიპი ან მობილური?
- რით ვერ დაიღალა ,,საზოგადოება"'ამ დრომოჭმული საკითხებით? ზოგჯერ მგონია, რომ უსაქმურობის გამო ინტერესდებიან მსგავსი საკითხებით. მერწმუნეთ, ჯიპები და მობილურები პრობლემა სულაც არ არის. მომთხოვნები უნდა ვიყოთ, მაგრამ ბევრად უფრო ღირებულ და მნიშვნელოვან საკითხებში. აქცენტი უნდა გადავიტანოთ მორალზე, ზნეობაზე, ინტელექტზე. საოცრად ამბობს ჯემალ ქარჩხაძე: "რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენო."'როცა საზოგადოება ამით უფრო დაინტერესდება, გპირდებით, წინ მე თვითონ გავუძღვები. უწიგნურობიდან იწყება ყველა უბედურება. ომი ქვეყნებს ანგრევს, უწიგნურობა კი - ადამიანის ფსიქიკას, ამიტომ, დროა, დავფიქრდეთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. განაგრძეთ კითხვა