პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ნდობის ჯგუფის წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, ნდობის ჯგუფის ფორმატში დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძისგან მიიღეს პირობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული პროცესი გრძელდება და არ გაჩერებულა.
როგორც ნდობის ჯგუფის სხდომის შემდეგ თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შედეგი გამოაჩენს, რამდენად მართალია მინისტრის ეს დაპირება. "ის, თუ რამდენად ამომწურავი იყო თავდაცვის მინისტრისგან მიღებული პასუხები, გამოჩნდება. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ პროცესი გრძელდება და არ გაჩერებულა. შემოგვთავაზეს გარკვეული ხერხები ამ პროცესზე დაკვირვების მიზნით. პროცესს დავაკვირდებით და ამის მიხედვით ვიტყვით, ეს მართალია თუ არა", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.
თავის მხრივ, მან ნდობის ჯგუფის წინაშე ორი კონკრეტული წინადადება დასვა. "მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობის ჯგუფმა კანონის მიხედვით ე.წ. კაბელების საქმის ნაწილობრივი გასაჯაროება მოითხოვა, უნდა მოითხოვოს პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფის შექმნა. სამწუხაროდ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით თანხმობას ვერ ვაღწევთ, რითაც, ჩვენი შეფასებით, კანონი ირღვევა. გარდა ამისა, მოვითხოვე სახელმწიფო დაცვის სამსახურის 2013 წლის ანგარიშის გასაჯაროება ისე, როგორც 2012 წლის ანგარიშშია გასაჯაროებული. ის, თუ რისთვის არის ეს საჭირო, გასაჯაროების შემდეგ ავხსნი", - განაცხადა გივი თარგამაძემ.