რუსულ კომედიურ შოუებსა თუ სატელევიზიო ფილმებში ხშირად ნახავთ ხუმრობებს ქართველებზე, რომელთა უმრავლესობა სტერეოტიპული ხასიათისაა. როგორია გაშარჟებული სტერეოტიპული ქართველი რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ანუ, როგორ ხასიათდება ქართველი კარიკატურულად რუსულ კინოსა და კომედიურ გადაცემებში; როგორია მისი გარეგნული მახასიათებლები და ხასიათის შტრიხები. Ambebi.ge-მ თემა "მან-სან-კანის" ნაკრების ყოფილ წევრთან, გია ჭანტურიასთან ერთად განიხილა.
- მე 2001 წლამდე ვიღებდი მონაწილეობას "კავეენებში" და მაშინ პირდაპირ გვთხოვდნენ, რომ ვყოფილიყავით ცოტა სულელები, უტვინოები. მასლიაკოვის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ "ტუპოი გრუზინები" ვყოფილიყავით, რადგან ამას ითხოვდა პუბლიკა. რუსეთში აღქმა იმისა, რომ შენ განათლებული და კულტურული ხარ, არ მოსწონთ. მათთვის მისაღებია, რომ შენ ხარ მათზე დაბალი დონე, გახურავს კეპი, გაქვს გადმოგდებული ღიპი და ასეთ ქართველზე ხალისობენ რუსეთში. ჩვენ მათ ინტელექტუალურ იუმორს ვთავაზობდით, ნამდვილად არ ვიყავით გაუნათლებლები, ასე თუ ისე უაქცენტოდ ვსაუბრობდით და ეს ძალიან აღიზიანებდათ. მათ მოსწონდათ ხუმრობები "გივიზე", ამ დროს საქართველოში ეს სახელი არც ისე გავრცელებულია, მაგრამ მათ აქვთ ასეთი სტერეოტიპი, რომ ჩვენთან უმეტესობას ჰქვია გივი და ქალებში ფულის ხარჯვის მეტი არაფერი ვიცით. როგორც კი რუსი ხედავს, რომ ხარ მეცნიერი, სხვადასხვა სფეროში წარმატებული და ასე შემდეგ, ძალიან ღიზიანდება. ერთადერთი სიმღერას გპატიობენ, დანარჩენს არაფერს. რუსეთის თვისებაა, რომ მის იმეპრიაში შემავალი ერი მასზე დაბალი დონის უნდა იყოს.
- ანუ ჭკვიანი ქართველი რუსულ ბაზარზე არ "იყიდებოდა"?
- ქართველი "იყიდება" მაშინ, თუ ის არის "ნემნოშკა ტუპალაკ", ვითომ მექალთანე, რომელსაც ქალის დანახვაზე ელეთ-მელეთი ემართება. არის "აზაბოჩენი" ტიპი, რომელიც მზადაა ქალის გულისთვის მთელი ქონება დახარჯოს. საშინელი აქცენტით ლაპარაკობს, რაც ხაზს უსვამს მის გაუნათლებლობას, სწორედ ასეთი ქართველია ყველაზე "გაყიდვადი პროდუქტი".
- პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში რა სიტუაცია იყო ამ მხრივ?
- ის რაც რუსეთში იყო, სხვაგან მსგავსი არ ყოფილა. მაგ: ჩვენ კიევის ლიგაში ვთამაშობდით და იქ აბსოლუტურად სხვანაირად იყო ყველაფერი. კიევში იყო საერთოდ განსხვავებული ემოციები. აქ ხალხი აღფრთოვანებული იყო ინტელექტუალური იუმორით და მოსწონდათ, რომ ჩვენ განსხვავებული ვიყავით სხვა გამომსვლელებისაგან, რომლებიც მასლიაკოვის მითითებებს კიევშიც ასრულებდნენ.
- თქვენ თუ გქონდათ ხუმრობები ამა თუ იმ ერის დამახასიათებელ შტრიხებზე?
- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. შეიძლება რუსულ თემებს როცა ვეხებოდით, რამე ხუმრობა გვქონდა დალევაზე, მაგრამ ეროვნული ნიშნით ვინმეზე ხუმრობა განსაკუთრებულად თუ გვქონდა, არ მახსენდება. სიმართლე გითხრათ, ეროვნულ თემებზე ხუმრობა დიდად არ მხიბლავს.
- ის, რომ "შტერი ქართველი" "გაყიდვადი პროდუქტია" რუსეთში, ამას რამ შეუწყო ხელი?
- ეს რომ განვიხილოთ, ძალიან შორს წავალთ. დაახლოებით 200 წლის წინ მოგვიწევს დაბრუნება. სწორედ ამის მერე დაიწყო ძალიან ბევრი ნეგატიური ელემენტის შემოსვლა. მაგალითად, ქრთამის ფენომენი, რაც მიუხედავად დიდი გაჭირვებებისა, მანამდე უცხო ხილი იყო. "შტერი ქართველის" სტერეოტიპის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ იყვნენ ადამიანები, ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს მოთხოვნა იმდენად გაითავისეს, რომ საქართველოშიც კი ასეთი ქართველის სტერეოტიპი დაამკვიდრეს.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE