...შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა და სადაცაა საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო, რომ თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.
2016 წლის 31ოქტომბერს 44 წელი შესრულდება 571-ე რეისის კატასტროფიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა. 45 მგზავრიდან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. მათ არგენტინის ანდებში 72 დღე გაატარეს. საკვების უქონლობის გამო იძულებული შეიქნენ, დაღუპული მეგობრების გვამები შეეჭამათ...
ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, თვითმფრინავი დაიქირავა. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მორაგბეებს აცნობეს, რომ თვითმფრინავში 10 ადგილი თავისუფალი იყო და ახლობლების წაყვანაც შეეძლოთ...
ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს კი გზა განაგრძო, თუმცა კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით (მენდოზა-კურიკო-სანტიაგო) გადაწყვიტა. თვითმფრინავი 5 ათასი მეტრი სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა, მოულოდნელად ამინდი რომ გაუარესდა... შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა და სადაცაა საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო, რომ თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.
პირველი დღეები
45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. გადარჩენილები კი უდაბურ ადგილას აღმოჩნდნენ, რომლის კლიმატი ურუგვაელთათვის უცხო იყო. მზე დღის ოთხ საათზე ჩავიდა და 15 საათს არ ამოსულა. ამას ერთვოდა ძლიერი ყინვა. პირველი ღამის გადატანა ყველამ ვერ შეძლო და 5 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფაში მოყოლილთ ყველგან დაეძებდნენ, მეორე დღეს ურუგვაელებს ვერტმფრენის ხმაც კი მოესმათ, თუმცა მორაგბეთა თვითმფრინავის თეთრი კორპუსის თოვლში შემჩნევა შეუძლებელი აღმოჩნდა...
იძულებითი კანიბალიზმი
გადიოდა დღეები... კატასტროფაში მოყოლილთ ძლიერ ყინვასთან გასამკლავებლად არ გააჩნდათ თბილი ტანსაცმელი. საკვების მარაგიც, რამდენიმე ფილა შოკოლადი და მცირეოდენი ღვინო, მალე ამოეწურათ.
ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს: - როცა მარაგის ამოწურვის შესახებ შევიტყვეთ, ნანდო პარადომ უნებლიეთ წამოიძახა, რომ მზად იყო შეეჭამა პილოტები, რადგან ეს უბედურება სწორედ მათი ბრალი იყო.