''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნუნუკას რთული დღეები აქვს. მისმა რძალმა სახალხოდ აღიარა, რომ სექსმუშაკი იყო. როგორ გაგრძელდება ქართველი ''ფრითი ვუმენის'' ისტორია სერიალში, ცნობილი არაა. იმერელი დედამთილი ჯერჯერობით რძლის გულახდილობით არის გადარეული. თავად ნუნუკას როლის შემსრულებელი ქეთი ჩხეიძე ღორეშაში არასდროს ყოფილა.
- იმერეთს, შეიძლება ითქვას, არ ვიცნობ. დავიბადე თელავში და ბავშვობა ამ ქალაქში გავატარე. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ იმერეთში ბევრი ადგილი არ მინახავს. როდესაც რუსთაველის თეატრში ვიყავი, ხშირად დავდიოდით თელავში, ლანჩხუთში, ბათუმში, სადაც არაჩვეულებრივი თეატრები იყო. იმერეთში მხოლოდ ქუთაისში ჩავდიოდით. ეს მხარე ძალიან მიყვარს. ბებია მყავდა იმერელი. კახეთში იმიტომ დავიბადე, რომ ბებიაჩემი სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო და თელავში ბინა მისცეს. ბებიას საუბრის ინტონაცია ძალიან კარგად მახსოვს. დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ნუნუკას აქვს.
- ანუ ნუნუკა თქვენს ბებიას ჰგავს?
- მხოლოდ საუბრის მანერით. ადრე კუთხური დიალექტით ძალიან რბილად ლაპარაკობდნენ. ახლა ქუთაისში რომ ჩახვიდეთ, მაშინვე ამოიცნობთ იმერლების კილოს. ჩვენი ბებიების თაობაში ასეთი რამ არ ხდებოდა. ბევრს კითხულობდნენ და ცდილობდნენ, ლიტერატურული ქართულით ელაპარაკათ.
- როგორ შეაფასებდით თქვენს გმირს?
- ჩემი აზრით, ნუნუკა მაყურებელს იმიტომ მოსწონს, რომ ძალიან ნამდვილია მისი პრობლემები. სიდუხჭირესა და ქალურ სიმარტოვეზე არც ფიქრობს. პრეტენზიები ნაკლებად აქვს. ნუნუკა თბილისში რომ გადმოიყვანო და საინტერესო საქმე დაავალო, შესაძლოა, ბევრად უკეთ გაართვას თავი.
- მგონია, რომ მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, კეთილი დედამთილია.
- თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ კეთილი დედამთილის როლი მომერგო. მისი სიუხეშე, წივილი, კივილი და გულის წასვლა სიდუხჭირიდან გამომდინარეობს. ბანოვანი ქალბატონი, რომელსაც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, შეიძლება, სულ არ დაელაპარაკოს რძალს, სიტყვის ღირსადაც არ გახდის. მეტი საქმე არ აქვს, ჩაჯდება მანქანაში და რძალს ჰკითხავს, რატომ შემარცხვინეო. ნუნუკა ალალი ქალია, როცა უხარია, იცინის, რაც არ უხარია, იმის გამო ყვირის.
- ამ როლამდე ''შუა ქალაქში'' მკაცრ სიდედრს თამაშობდით, თქვენს გმირებზე ბევრი რამ ვიცით. საინტერესოა, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მყავს ორი შვილი, ელენე და ნიკა ღლონტები, რომლებიც უკვე დიდები არიან.
- შვილები მსახიობობაზე ფიქრობენ?
- ელენეს აქვს მიდრეკილება ხელოვნებისადმი, ნიკას - არა.
იხილეთ გაგრძელება