სერიალს - "ჩემი ცოლის დაქალები" რამდენიმე ახალი გმირი ჰყავს, მათ შორის, გადაცემა "წარმატების საათის" "სტერვა" წამყვანი მიმი და მისი პროდიუსერი ბექა.
ბექას როლს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, აჩიკო სოლოღაშვილი ასრულებს, მიმის როლზე კი ასევე მსახიობი, ნინო ჭოლაძე დაამტკიცეს. ნინო ქუთაისის თეატრის მსახიობია და აქამდე არც ერთ ფილმსა თუ სერიალში მონაწილეობა არ მიუღია.
- როგორც ყველა სხვა მსახიობს, მეც ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და სასინჯ გადაღებაზე დამიბარა, შემდეგ კი ამ როლზე დამამტკიცეს... ქუთაისის თეატრის მსახიობი ვარ, მაგრამ საცხოვრებლად შვილებთან ერთად, თბილისში გადმოვედი.
- ტელეწამყვანის როლი როგორ მოირგე?
- თავდაპირველად, ამ როლის შემეშინდა, რადგან მე და მიმი ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.
- "სტერვა" არ ხარ?
- ვერ ვარ.
- არადა, ეს კარგად გამოგდის.
- მართალი ხარ, ისე ვთამაშობ, თითქოს ბუნებრივად ვარ ასეთი (იღიმის). როცა ამ როლზე მუშაობას ვიწყებდი, ვიფიქრე, რომ ვინმესთვის მიბაძვა უხერხული იქნებოდა და არც საინტერესო გამოვიდოდა. უნდა ვაღიარო, ტოქშოუების მაყურებელი არ ვარ და შესაძლოა, ეს კარგიც არის: მსგავს შოუებს თვალს რომ ვადევნებდე, უნებურად, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოვექცეოდი და ამა თუ იმ ტელეწამყვანის ხასიათიდან რაღაც შტრიხს გამოვიყენებდი. სცენარის ავტორმა, ქეთი დევდარიანმა მითხრა, დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო მიმი და აქედან გამომდინარე, დავიწყე გმირის გამოძერწვა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ამა თუ იმ სიტუაციაში, ამ ქალის ადგილას როგორ მოვიქცეოდი-მეთქი და თითქოს მიმი ჩემიანი გავხადე. ახლა დედა სულ იმას მეხვეწება, შენს გმირს არ დაემსგავსოო (იცინის).
- რა მოგწონს მიმიში და რატომ უნდა მოსწონდეს ის მაყურებელს?
- სულაც არ არის სავალდებულო, ყველა გმირი გვიყვარდეს. ჩემს ნამუშევარზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს... სერიალში ბევრი გმირი იქცევა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაყურებლისგან კი აგრესია მიმის მისამართით წამოვიდა - ამაზე მეცინება. ასე ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ჩემი გმირისგან განსხვავებით, სხვები საკუთარ "გადახვევებს" ანგელოზისებური გამოხედვით ფარავენ...