ბრიტანეთის არმიის კაპიტანი, დიპლომატიური მისიების ნამდვილი ვეტერანი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსეთის ჯაშუშად შერაცხილი რაიან გრისტი ის ადამიანია, ვისმა სიტყვებმაც განსაზღვრა დასავლეთის შეფასება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. რაიან გრისტმა ექსკლუზიური ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა [სრული ინტერვიუ].
გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"კვირის პალიტრა": რამდენად შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიების დანარჩენ საქართველოსთან რეალური ინტეგრაცია იმის ფონზე, რომ რუსეთი ამ რეგიონებს მარიონეტებად იყენებს?
რაიან გრისტი: არ ვდაობ, რომ რუსეთს სწორედ ეს მიდგომა აქვს, მაგრამ მინდა ერთი რამ გავიხსენო: 2008 წლამდე, ეუთოს მანდატით ოსებთან მუშაობისას, უმრავლესობას ჰქონდა განცდა, რომ საბოლოოდ რუსეთი მათ გაყიდდა, უკანვე მიჰყიდიდა საქართველოს, მაგალითად, ამ უკანასკნელის მიერ ნატოში გაწევრების დათმობის სანაცვლოდ. რატომ გავიხსენე ეს?
ვფიქრობ, რომ ომამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოგება" უსისხლოდ, ერთი ტყვიის გასროლის გარეშეც კი შეიძლებოდა, მაგრამ სააკაშვილს საკუთარი პროექტი ჰქონდა: ალტერნატიული მთავრობით, სანაკოევით. სანაკოევს ბევრჯერ შევხვედრივარ და პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მას არავითარი წონა არ ჰქონდა ოს მოსახლეობაში, აღიქმებოდა, როგორც გარე ძალების მიერ თავს მოხვეული კანდიდატურა. თვითონ პროექტი, იდეაც, ვფიქრობ, არასწორი და დასაწყისშივე წამგებიანი იყო.
"კვირის პალიტრა": რა იქნებოდა უკეთესი ალტერნატივა?
რაიან გრისტი: უკეთესი ჩართულობა: ვაჭრობა, გზების გახსნა, კომუნიკაციები, სახალხო დიპლომატია. თუმცა, საქართველოს კონფლიქტები მრავალფენოვანია - დაწყებული ადგილობრივი დე ფაქტოებით და დამთავრებული კრემლითა და ნატოთი. ასეთი კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ყველა ფენასთან ერთდროულად უნდა იმუშაო, რაც ადვილი არ არის. მაგრამ კარგი მთავრობა, რომელსაც უნდა ცვლილებები, ამას უნდა აკეთებდეს.
"კვირის პალიტრა": თქვენი აზრით, აკეთებს ამას საქართველოს დღევანდელი მთავრობა?
რაიან გრისტი: მგონია, ჯერ აქამდე შორი გზა გაქვთ. თუმცა, შეუძლიათ, გააკეთონ, თუ სათანადო ენერგიასა და ინტელექტუალურ რესურსებს დახარჯავენ. ამასთან, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - საქართველოს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ამას ვერსად გაექცევა. მშვენიერი ქვეყანა გაქვთ, მაგრამ გარშემო მძიმეწონოსანი მეზობლები გახვევიან. ამის ფონზე არსებობა და განვითარება ურთულესია. აი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გყავდეთ ჭკვიანი და მამაცი ხალხი. აქ კარგა ხანია, ამგვარი პოლიტიკური ჭკუისა და სიმამაცის ნაკლებობა იგრძნობა... მაგალითად, 2008 წელს არავის ეგონა, თუ საქმე ასე შორს წავიდოდა და ასეთ შედეგებს მივიღებდით...
"კვირის პალიტრა": მაინც რატომ არ ეგონათ? ბოლოს და ბოლოს, რუსეთზე ვსაუბრობთ...
რაიან გრისტი: ვფიქრობ, არავინ ელოდა იმ უგუნურებასა და ნამდვილ სიგიჟეს, რაც საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში სუფევდა. ეს პირადად ვუთხარი იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
"კვირის პალიტრა": სააკაშვილს გულისხმობთ? და როგორი იყო მისი რეაქცია?
რაიან გრისტი: დიახ. ის საკმაოდ გაუწონასწორებელი ტიპია და მისი რეაქციაც სწორედ ასეთი იყო. გეტყვით, რა და როგორ მოხდა: წელს, ზამთარში, სტამბოლის აეროპორტში ვიჯექი და ჩემს ფრენას ველოდებოდი, როდესაც სააკაშვილი ზუსტად ჩემ გვერდით მაგიდას მიუჯდა. ავიხედე და, აჰ, ამას ხომ ვიცნობ-მეთქი! კომპიუტერი დავხურე, გვერდით მივუჯექი და ვუთხარი: "სალამი, პრეზიდენტი სააკაშვილი ხართ, არა?" ძალიან გაუხარდა, რომ იცნეს. გულწრფელად ვუთხარი, რომ მან და მისმა პარტიამ ბევრი კარგი გააკეთეს საქართველოსთვის, მაგრამ 2008 წლის ომი სრული სიგიჟე იყო. სანამ რამეს მიპასუხებდა, ვუთხარი, ვინც ვიყავი. სახელი წამიერად ეცნო და მერე ჩვენი საუბარი უკვე სხვაგვარად წარიმართა. ძალიან გაღიზიანდა და ჩვეული ეპითეტით შემამკო, რუსეთის ჯაშუში ხარ, ჩემი ქვეყანა შენ დაანგრიეო! არადა, არა მგონია, ეს მე მექნა. მერე უკვე ხმას აუწია და ხალხმა ყურადღება მოგვაქცია. საბედნიეროდ, თემურ იაკობაშვილი გამოჩნდა, სააკაშვილი ადგა და დემონსტრაციულად გავიდა, მე და თემურმა კი, როგორც ძველმა კოლეგებმა, კიდევ ცოტა ხანი ვისაუბრეთ. მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი რამის თქმა ვერ მოვასწარი: იმიტომ მივედი და მივესალმე, რომ ვიმედოვნებდი, მისი ჩემეული აღქმა არასწორი იყო და არსებობდა რაციონალური მიზეზები, რაც ახსნიდა მის საქციელს 2008 წლის ომის დროს, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, უარესი შთაბეჭდილება დატოვა. არადა, ძალიან მინდოდა, მტყუანი აღმოვჩენილიყავი. ჩემი თავისთვის მეთქვა, ნახე, ცდებოდი, ნორმალური ტიპია, გონიერი-მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი. ამიტომ მგონია, რომ ასეთ ადამიანებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მან 2008 წლის ომის დროს მიიღო. მე ერთ-ერთი ვარ იმ მცირერიცხოვანი უცხოელი დიპლომატებიდან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული 2008 წლის ომში და ჯერ კიდევ
თვალწინ მიდგას ახალგაზრდა ქართველი მეომრების ცხედრები, რომლებიც ცხინვალში ეყარა. დღემდე ვბრაზობ, ვერ გამიგია, რატომ უნდა დაღუპულიყვნენ ეს ახალგაზრდები ვიღაცების ბრიყვული გადაწყვეტილების გამო. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბრაზობენ თამარაშენის, ქურთას მკვიდრნი და კიდევ ბევრი სხვა.