ბიზნესმენმა ჯონი გიგანმა ორ წელიწადზე მეტია პროკურატურაში გია უდესიანის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, საგამოძიებო ორგანო საქმის გამოძიებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა. არადა, მისი თქმით, უდესიანმა ხუთი მოწმის თანდასწრებით ესროლა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.
- ყველამ კარგად იცის, რომ "ნაციონალები" ბიზნესმენებს ქონებას ბანდიტური მეთოდებით ართმევდნენ. ამ თაღლითურ ჯაჭვში ერთ-ერთი გია უდესიანი იყო, რომლის "მსხვერპლი" ბესო ხარძიანი აღმოჩნდა... უდესიანი ჩემს წინააღმდეგაც იმავეს გეგმავდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემთვის "მორკინალის" წართმევა უნდოდათ. მითხრეს, ბიზნესწილში გია უდესიანი უნდა შემოიყვანოო, რაზეც სასტიკი უარი განვაცხადე, მისი სახელი არ გამაგონოთ-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემი კატეგორიული უარი უდესიანმა იუკადრისა...
ერთ დღესაც, როცა პარტნიორებთან ერთად ოფისში შევიკრიბეთ, შეხვედრაზე შეიარაღებული უდესიანიც დამხვდა. ორი იარაღი ჰქონდა. საუბრის დროსაც ეჩრებოდა, ვიღაცას ტუქსავდა, ამიტომ რამდენჯერმე ვუთხარი, ან დაბრძანდით, ან გადით და საუბარი გვაცალეთ-მეთქი.
ცოტა ხანში იგივე გაიმეორა, მეც ფეხზე წამოვდექი და ისევ გავუმეორე, ან გადით, ან დაბრძანდით-მეთქი. სწორედ ამ დროს, უდესიანმა, რომელიც ჩემგან სამი მეტრის დაშორებით იდგა, იარაღი ამოიღო და თავში მესროლა. ტყვიამ საფეთქელთან გამიარა და თმა ამიტრუსა. შემთხვევით გადავრჩი, თორემ გია უდესიანი მოკვლას მიპირებდა.
- თუ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ, გამოძიების დასრულება ამ დრომდე რატომ ვერ მოხერხდა?
- როგორც ბესო ხარძიანმა მითხრა, უდესიანმა ახალ ჩინოვნიკებთან ურთიერთობა დაალაგა. ვიცი, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან გარიგდა და არა მხოლოდ ჩემი, სხვა დაზარალებული პირების საქმეების გამოძიებაც ამიტომ შეჩერდა.
როცა უდესიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიტანე, საქმე ქვეგანყოფილებას გადასცეს და ახალგაზრდა გამომძიებელმა დამკითხა. მას შემდეგ ორწელიწად-ნახევარი გავიდა, მაგრამ საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. არადა, მის გახსნას ზუსტად სამი საათი სჭირდება - სამი ადამიანი, რომელიც ამ ინციდენტს ესწრებოდა, უნდა დაეკითხათ და ყველაფერი ნათელი გახდებოდა, მაგრამ
ვიმეორებ, კბილაშვილ-ნაცვლიშვილის პროკურატურა უდესიანთან შეკრული იყო და გამოძიებაც მის ინტერესებში არ შედიოდა.