ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები გრძელდება და ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას საპასუხოდ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს სურს. მინისტრის განცხადებით, ფრანგულ მხარესთან არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ჯანელიძის განმარტებით, გაფორმდა მემორანდუმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"ჩვენი ოპონენტების მხრიდან მუდმივად ხორციელდება ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის განმარტება გაგვეკეთებინა. ის რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და ამას ვსაუბრობდით წარსულშიც, მაგრამ ვამბობდით, რომ ხელმოწერა განხორციელდა ე.წ. განზრახულობათა წერილზე, იგივე მემორანდუმზე, რომელიც ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სახის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია შედეგების თვალსაზრისით. ხელშეკრულებას მოსდევს კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულონ ხელშეკრულების მხარეებმა, მემორანდუმი კი არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. ამ დოკუმენტს, კი ბატონო, მოეწერა ხელი. კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის გარეშეც და მემორანდუმის არსებობის პირობებშიც. მემორანდუმი არ არის აუცილებელი წინაპირობა რაიმე სახის კონსულტაციებისთვის", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისვე თქმით, საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა, რასაც თავდაცვის უწყება დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობს. "ის, რომ არანაირი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს, არანაირი ვალდებულება, არანაირი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება არ არსებობს, ამის შესახებ ბატონმა ელჩმა ნათელი განმარტება გააკეთა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. "ეს თემა ეხება ქვეყნის თავდაცვას, ეს თემა ეხება უსაფრთხოებას, ამიტომ, არ არის მიზანშეწონილი ამაზე უპასუხისმგებლო საუბარი. პარტნიორები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ არის უამრავი მითქმა-მოთქმა, უამრავი ჭორი და მართალი ამ საკითხის გარშემო, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინტერესები. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც კვლავ აგრძელებს ამ საკითხზე სპეკულაციას", - განაცხადა ჯანელიძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, იმედოვნებდა, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების გადაბარების შემდეგ ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს, რადგან ჯანელიძე საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე სოლიდარული იყო. "ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ მეგონა ჩემი ჩამოცილების შემდეგ ხელისუფლება და მთავრობა მასზე უარს არ იტყოდა. არ დავფარავ, რომ მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილვების დროს სოლიდარულად იყო ამ თემისადმი განწყობილი და მას მხარს უჭერდა", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ამ დროისთვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების და მისი გაგრძელების ვადა ამოწურულია, რის გამოც "შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა".
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლოა ეს საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე რუსეთის კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდეს, ალასანის თქმით, "ძალიან ლოგიკურია, რომ აქ მიზანშედეგობრივი კავშირი დავინახოთ", მაგრამ მისივე განმარტებით, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი იმ დროებითმა კომისიამ უნდა გასცეს, რომლის შექმნასაც პარლამენტში მოითხოვენ.
ალასანიამ ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რატომ თქვა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უარი მემორანდუმის გაგრძელებასა და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფაზე. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განმარტებით, ეს არის შეკითხვა, რომელზეც სურს, რომ პასუხი პარლამენტის დროებითმა კომისიამ გასცეს.