ემა ტუხიაშვილმა ბავშვობის ოცნება, გამხდარიყო ჟურნალისტი, 15 წლის ასაკში აისრულა: კასპელი გოგონა ადგილობრივ ტელეკომპანიაში, საყმაწვილო გადაცემაში აღმოჩნდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მისი პირველი სერიოზული ნაბიჯები და წარმატებული ინტერვიუები პრესას უკავშირდება. რამდენიმე წელია, რაც ჰოლდინგ "პალიტრაში" მუშაობს. გაზეთით დაიწყო და ტელევიზიით აგრძელებს. მისი უახლესი ნამუშევარი "პალიტრა ტვ"-ის ეთერში გადაცემა "ბიზნეს პრესია", რომელიც თავად მიჰყავს."
- 15-16 წლის ასაკში "კავეენ"-ში ვთამაშობდი და ერთხელაც სკოლის დირექტორმა დამიბარა, - ასე დაიწყო პროფესიულ საფეხურებზე ჩვენთან საუბარი ჟურნალისტმა, - კაბინეტში ბიჭები დამხვდნენ. მითხრეს, კასპში ტელეკომპანია "დანახვისი" ჩამოყალიბდაო და იქ სამუშაოდ მიმიწვიეს. საყმაწვილო გადაცემაში აღმოვჩნდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ ოცნებები სრულდება. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, მერე კასპის გაზეთში დავიწყე მუშაობა.
- რა თემებზე წერდით?
- 1993-94 წლები იყო, დამოუკიდებლობა საქართველოს ახალი მოპოვებული ჰქონდა, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომი ახალი მომხდარი იყო. ჩვენი ძველი წერილები პატრიოტული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. კასპის გაზეთში მუშაობის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და პრესის მიმართულებით წავედი.
- პრესა რატომ აირჩიეთ?
- სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ თითქოს დიდი ტელევიზიისკენ დამოუკიდებლად ვერ გაიკვლევდი გზას. ამ სფეროში არავინ მყავდა და ვიფიქრე, რომ თუ რამის მიღწევა მინდოდა, პრესა უფრო გამიადვილებდა საქმეს. სტუდენტობის პერიოდში, 20 წლის ასაკში გავთხოვდი და ბავშვზე გადავერთე. ამის მერე ერთ-ერთ ჟურნალში დავიწყე მუშაობა და ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად დღემდე ვწერ.
პრესა რომ არა, ტელევიზიაში დღეს ასეთ საფეხურზე ვერ ვიქნებოდი. რამდენიმე ისეთი პუბლიკაცია მქონდა, რომლებსაც დღესაც ვიხსენებ.
- განსაკუთრებით რომელი ნამუშევრები გეამაყებათ?
- ცხოვრებაში შეიძლება ბევრ რამეში არ მქონდეს იღბალი, მაგრამ, როგორც ჟურნალისტი, იღბლიანი ვარ.
პლასტილინის კაცი ვარო, გიორგი მარგველაშვილმა ჩემს გადაცემაში თქვა. მალე პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მისი ფრაზა კი ყველას ატაცებული ჰქონდა. რესპონდენტები თავიანთ თავზე, საქმიანობასა თუ ბიზნესზე გულწრფელად მესაუბრებიან. "პალიტრა ტვ"-ში გადაცემა "ბიზნეს პრესი" მიმყავს, რომელიც საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა. მანამდე იყო "ემას შოუ".
- "ემას შოუში" სტუმრად კახა ბენდუქიძე გყავდათ და მასთან შეკამათებაც მოგივიდათ.
- სკანდალური გადაცემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსა და ეკონომიკაში კარგად ვერკვევი, გადაცემისთვის საკმაოდ დიდხანს ვემზადები. კახა ბენდუქიძესთან შეხვედრას კი ორმაგი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, რადგან ვიცოდი, რომ ჟურნალისტებთან ლოიალური დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. ის დავით კეზერაშვილის ბიზნესთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გაღიზიანდა. რაში მდგომარეობდა კეზერაშვილის წარმატების საიდუმლო-მეთქი, ვკითხე და ამის გამო გაბრაზდა, შემეკამათა და უშვერი სიტყვა ჩაურთო. კითხვა შევუბრუნე და ის უშვერი სიტყვა მეც გავიმეორე. ჩვენი შეკამათება ჩხუბში - არა, მაგრამ საქმის გარჩევაში გადაიზარდა.
კახა ითხოვდა, რომ გადაცემა ეთერში არ გაგვეშვა - კარგ განწყობაზე რომ ვიქნები, მერე ჩამწერეთ, ჟურნალისტები ჩემთან პირველ ჯერზე ვერ წერენ გადაცემას, ვამეცადინებ და მერე აკეთებენ საქმესო. გადაცემის მეორე ჩაწერაზე არ დავთანხმდი, მაგრამ როცა დამემშვიდობა, გადამეხვია და მაკოცა. მისგან ასეთი რეაქცია საოცრად გამიკვირდა! მას შემდეგ ბატონ კახასთან შეხება არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა არასასიამოვნოდ დასრულდა, მაინც ვთვლი, რომ უჭკვიანესი ადამიანი იყო.
"ემას შოუმ" თავისი თავი ამოწურა და დაიხურა, რაც ჩემთვის მტკივნეული იყო. მოხარული ვარ, რომ "ბიზნეს პრესიც" საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემი კოლეგები ნუ მიწყენენ, მაგრამ ტოქ შოუს წაყვანა გაცილებით იოლია, რადგან სტუმრები განსხვავებული პოზიციის არიან და უამრავი შეკითხვა იბადება. როცა ერთი ერთზე ესაუბრები ადამიანს, რომელიც ძალიან კომპეტენტურია თავის საქმეში, მასთან კამათი ძალიან რთულია.
გადაცემაში გოგი თოფაძე მყავდა სტუმრად. მითხრა, შენთან სტუმრობა საინტერესო ყოფილა, მაგრამ საუბარი - რთული, რადგან ვერაფერს მოგატყუებს კაცი, ამ სფეროში კარგად ერკვევიო. კაცისგან, რომელიც 24 წელი ბიზნესშია, ეს სიტყვები კომპლიმენტად მივიღე.
- თქვენი ყველაზე უცნაური სტუმრები ვინ იყვნენ?
- ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სტუმრობისას მითხრა, პაატა კურტანიძეს ძალიან უცნაური ჩვევა აქვს, დღის განმავლობაში 18 წუთი სძინავსო. ეს დრო ამოიწურება თუ არა, თურმე თვითონ ეღვიძება. პაატა კურტანიძემ გადაცემის ჩაწერისთვის განსაზღვრული დრო მოგვცა. რა თქმა უნდა, ვისარგებლე შემთხვევით და ვკითხე, ეს მართალი იყო თუ არა. სიმართლე აღმოჩნდა და, როგორც განმარტა, მისი წარმატების ფორმულა სწორედ 18 წუთიან ძილში ყოფილა. ორგანიზმს ასვენებს და სადილის შემდეგ აუცილებლად იძინებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინტერვიუს ჩაწერა სწორედ მისი ძილის დროს ემთხვეოდა და მოსწრებაზე ვიყავით.
- ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ბიზნესმენები უშუალობას იჩენენ?
- ჩემთან არც ერთი ბიზნესმენი ყოფილა მკაცრი. მაგალითად, თემურ ჭყონიამ პოზიტიური განწყობა შემიქმნა. მითხრა, ისეთ რაღაცეებს მოგიყვებით, თურქულ სერიალშიც არ დაესიმზრებათო. გოგი თოფაძემ პირველად ჩემთან თქვა, რომ "თოლიას" ნაყინის ქარხანა ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა. კადრსმიღმაც ძალიან უშალოები არიან, ბევრს ვჭორაობთ, მათ შორის - პოლიტიკაზეც. ბიზნესთან დაკაშვირებულ ჩემს მოსაზრებებსაც ვუმხელ ხოლმე. სხვათა შორის, ჩემგანაც ხშირად აინტერესებთ მათ ბიზნესსა და პროდუქციაზე რა აზრის ვარ. ცეზარ ჩოჩელიც მყავდა მოწვეული. ეს გადაცემაც მალე გავა ეთერში და მაყურებელი გაიგებს, ისევ მეგობრობს თუ არა ვანო მერაბიშვილთან.
- მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიწვევა არ გიცდიათ?
- მასთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და თანხმობაც მივიღეთ. ბატონ ბიძინასთან ბიზნესსა და ეკონომიკაზე საუბარი საკმაოდ საინტერესო იქნება. ალბათ ყველას აინტერესებს, თუ როგორ დაიწყო ამ ადამიანმა ბიზნესი, რამდენი იყო მისი პირველი მოგება, როგორ დააბანდა ფული და ა.შ.
- როგორ შეძელით მასთან დაკავშირება, პირადად იცნობთ?
- მასთან პირადად შეხება არ მქონია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისი საშუალებითაც ვეკონტაქტები. იცის ჩემი გადაცემის შესახებ. იმდენად ბევრი შეკითხვა მაქვს, მგონი, განსაკუთრებული მომზადება არც მჭირდება.
- ახლა თუ გიყურებენ იქ, საიდანაც დაიწყო თქვენი პირვები ნაბიჯები ტელევიზიაში?
- რეგიონებში უყურებენ "პალიტრა ტვ"-ის, მაგრამ მაღალმთიან სოფლებში ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ცოტა ხნის წინ ერთმა რაჭველმა ქალმა დამირეკა, შენს პუბლიკაციებს "კვირის პალიტრაში" სულ ვკითხუოლბდი, მეგონა, ადამიანი, რომელიც ასე კარგად ერკვევა ეკონომიკაში, აუცილებლად ასაკოვანი უნდა ყოფილიყოო. შვილთან ყოფილა ჩამოსული თბილისში და ჩემი გადაცემა უნახავს. გაოცებული იყო, რა ახალგაზრდა ყოფილხარო. წუხდა იმის გამო, რომ რაჭაში არ აქვთ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემების ნახვის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან სოფლებში "მაგთი" ფაქტობრივად მონოპოლისტია, ხოლო "პალიტრა ტვ"-ის "მაგთისატი" თავის სამაუწყებლო პაკეტში არ რთავს.
- დაბოლოს, ტელესახის კადრმიღმა, ოჯახური ცხოვრება როგორია?
- ჩემი მეუღლე, გია გელოვანი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. გვყავს ორი შვილი - 17 წლის ანა და 8 წლის ნიკოლოზი. ქმარი ჩემი პროფესიით იმდენად შეშინებულია, რომ სამსახურის ამბებს ჩემთან არ ყვება... (იცინის). ერთმანეთს ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს.
სოფიო ბოჭორიძე
ჟურნალი "სარკე"