ფრაზა "დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია", თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან ესმის, თუმცა რა ვიცით ამ დღის შესახებ?
პირველ აპრილს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს სულელის დღეს უწოდებენ და მეგობრებს და ახლობლებს ატყუებენ, აშაყირებენ, თუმცა ისე, რომ ეს ვინმესთვის საზიანო არ იყოს.
ისევე, როგორც გასულ წლებში, ბევრი ჩვენგანი გუშინაც მოტყუვდა. ყველაზე გავრცელებული გზა კი ხალხის ცრუ ინფორმაციაზე "წამოგება" აღმოჩნდა. ამ ხერხს არა მხოლოდ ქართულმა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანმა გამოცემებმა მიმართეს და ასე გაეხუმრნენ ინტენეტმომხმარებლებს. Ambebi.ge-ს ამ სტატიაში ქართული და მსოფლიო ინტენრეტმედიის ხუთი ცრუ გუშინდელი ამბის შესახებ მოგითხრობთ, რომლის მსხვერპლი შესაძლოა, თქვენც გახდით...
1 - საფრანგეთი მისტრალის ორ ხომალდს რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირს მიყიდის.
სტატია ამ სახელწოდებით ევროპაში გავლენიანმა გამოცემამ, ბელგიურმა euobserver.com-მა გაავრცელა. გამოცემის პრესტიჟულობის და მის მიმართ არსებული მაღალი ნდობის გამო, ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა, და მათ შორის ქართველმაც, ეს ცრუ ამბავი დაიჯერა...
2 - ახალ ათონსა და სოხუმს მეტროს ხაზი გააკავშირებს.
ამ ტყუილის ავტორია გამოცემა "სპუტნიკ აფხაზია". აღნიშნული გამოცემა კი "რია ნოვოსტისა" და რადიო "რუსეთის ხმის" ერთობლივი პროდუქტია.
3 - რეპერ სნუპ დოგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარიხუანა დროებით ლეგალური იქნება [იხილეთ დედანი].
ეს ხუმრობა საქართველოში ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან გამოცემა Georgian Journal-ს ეკუთვნის. შეიძლება ითქვას, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა, გუშინ, ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა და შესაბამისად, ამავე ამბის სიცრუემ დაწყვიტა ბევრ ინტერნეტმომხმარებელს გული...
4 - გიორგი გაბუნიამ თამთა გოდუაძეს ხელი სთხოვა [სრული ტექსტი].
ეს ტყუილი "რუსთავი 2"-ს მუსიკალურ ტალანტ-შოუს ეკუთვნის. გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა ისარგებლა მაყურებლის დიდი ინტერესით "იქს-ფაქტორის" ჟიურის წევრების, გიორგი გაბუნიასა და თამთა გოდუაძის მიმართ, და პირველ აპრილს მაყურებელი ამგვარად გააშაყირა.
5 - გია ნიკოლაძეს თსუ-მ დოქტორის ხარისხი მიანიჭა [სრული ტექსტი].
ეს კიდევ ერთი ამბავია, რომელმაც პირველ აპრილს ბევრი შეიყვანა შეცდომაში. სინამდვილეში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გია ნიკოლაძესთვის დოქტორის ხარისხი არ მიუნიჭებია, მაგრამ მაინც თუ დაინტერესდით იმ პოემით, რომელმაც მას "წარმატება მოუტანა", ეს ბმული ნახეთ.
AMBEBI.GE