რამდენად მყარია საქართველოში შენობები დამანგრეველი მიწისძვრის შემთხვევაში - "რაც 2002 წელს იყო, უარესი საფრთხე გველოდება"

რამდენად მყარია საქართველოში შენობები დამანგრეველი მიწისძვრის შემთხვევაში - "რაც 2002 წელს იყო, უარესი საფრთხე გველოდება"

რა შეიძლება მოვიმოქმედოთ მიწისძვრისგან გამოწვეული საფრთხის ასარიდებლად? მართალია თავად მიწისძვრის წინააღმდეგ უძლურები ვართ, თუმცა შეგვიძლია, საფრთხეები თავიდან ავირიდოთ. Ambebi.ge-ს ამ თემაზე საქართველოს სეისმური აქტივობის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში ესაუბრნენ. ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე საქართველოს საშუალო დონის სეისმურობის მქონე ქვეყნად მოიხსენიებს, თუმცა ამ დონის მიწისძვრის თბილისში, ან სხვა კუთხეში მოხდენის შემთხვევაში, სერიოზულ საფრთხეზე საუბრობს. სეისმოლოგი დასტურად 2002 წლის აპრილის მიწისძვრას ასახელებს, როდესაც 4.5 მაგნიტუდის სიძლიერემ ნგრევა გამოიწვია და 8 ადამიანი დაიღუპა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ შენობა-ნაგებობები იმდენად არამყარია, რომ იგივე სიძლიერის მიწისძვრის მოხდენის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო ცუდი შედეგი მოყვეს. გთავაზობთ ინტერვიუს სეისმოლოგ თეა გოდოლაძესთან:

- საქართველოს სეისმური საშიშორება საკმაოდ მაღალია. ჩვენ არ ვართ იაპონია, ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკა, სადაც გლობალურ-ტექტონიკური პროცესები უფრო კომპლექსურია, თუმცა ჩვენ ვართ კონტინენტური შეჯახების ზოლში, სადაც ამ გადაადგილების და დეფორმაციის სიჩქარეები ხსენებულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია და ჩვენი სეისმურობა მათთან შედარებით არ არის მაღალი. ჩვენთან ყველაზე ძლიერი მიწისძვრა (ინსტრუმენტული დაკვირვების პერიოდში) მოხდა რაჭაში, 1991 წელს. მაგნიტუდის სიმძლავრემ 7 შეადგინა. სპიტაკის მიწისძვრამ უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვია, მაგრამ სპიტაკის მიწისძვრა ენერგეტიკული კლასით ჩამორჩებოდა რაჭის მიწისძვრას, უბრალოდ, რაჭა მჭიდროთ დასახლებული არ იყო, რამაც განაპირობა, რომ ასეთი მსხვერპლი არ მომხდარა.

- თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში სეისმური საშიშროება საკმაოდ მაღალია. პერიოდულად ხდება ძლიერი მიწისძვრები – 1991 წლის რაჭის მიწისძვრა და 2002 წლის თბილისის მიწისძვრა. საინტერესოა, რამდენად არის საქართველოში ინფრასტრუქტურა მორგებული, რამდენად მყარია შენობები, ანუ საშუალო დონის მიწისძვრის შემთხვევაში რა საფრთხე გვემუქრება?

- ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალო სეისმურობის ზონა ვართ, სადაც 7 მაგიტუდის სიმძლავრეზე მეტი არ დაფიქსირებულა. თუმცა ყველაფერი შედარებითია. იაპონიის მიწისძვრა, რომელიც მოხდა 2011 წელს, (მაგნიტუდა - 9) იყო სიდიდით მეხუთე მიწისძვრა მსოფლიოში. იქ მსხვერპლი მიწისძვრას არ გამოუწვევია, მსხვერპლი გამოიწვია ცუნამმა. ჰოკაიდოზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე იყო 8.3 მაგნიტუდა. ამ შემთხვევაში მიწისძვრით გამოწვეული ნგრევა და ზარალი იყო მინიმალური და მიწისძვრას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ანუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით აქვთ პრევენცია. იაპონიამ 1996 წლის კობეს მიწისძვრის შემდეგ, საერთოდ სტრატეგია შეცვალა და ინვესტიცია ხორციელდება ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე სეისმური საშიშროების რუკების მიხედვით, სეისმური ნორმების დაცვით ხდება მშენებლობა, რომ იცხოვრო ბუნებასთან ერთად. მიწისძვრების შეჩერების მექანიზმი არ გაგვაჩნია, ეს ხდებოდა, ხდება და მოხდება.. ახლა შევადაროთ იაპონიის მიწისძვრა თბილისთან. თბილისში 2002 წელს მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც იყო 4.5 მაგნიტუდის. სპილოს და ბუზის შედარება გამოგვდის, როცა იაპონიის 2011 წლის მიწისძვრას და თბილისის 2002 წლის მიწისძვრას ვადარებთ. თუმცა თბილისში დავკარგეთ 8 ადამიანი, დაზიანდა უამრავი შენობა, ამორტიზირებული იყო თითქმის ყველა სკოლა, ძველ თბილისში დაინგრა სახლები და დაზიანდა. მათემატიკის ინსტიტუტის ახალ გარემონტებულ შენობას სახურავი მოძვრა და ჩამოინგრა. როდესაც მაგნიტუდა 4.5-ის პირობებში ასეთი რამეები ხდება, მაგნიტუდა 5-ის შემთხვევაში, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება. საკმაოდ მძიმე შედეგები იქნება. რატომ არ შეიძლება ვაღიაროთ, რომ ეს პრობლემები არის? მე არავის მოტყუებას არ ვაპირებ. რატომ ვფიქრობთ, რომ მიწისძვრა აღარ მოხდება? შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალვე მოხდეს. მსოფლიოში სეისმოლოგები პროგნოზს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ მომზადებული უნდა ვიყო ამისთვის. ეს სწორი ლოგიკაა. ეს არის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ლოგიკა.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ თბილისში არსებული შენობები საშუალო დონის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს?

- იგივე მიწისძვრის განმეორების შემთხვევაში, რაც 2002 წელს იყო, უფრო უარესი საფრთხე გველოდება. ინექციები გაკეთდა, რეკონსტრუქცია გაკეთდა? მე რაღაც არ გამიგია. მარტო ფასადურად შეღებვა არაფერს შველის. საძირკველი გამაგრებულა? გრუნტი შესწავლილია? უამრავი დეტალია, სანამ საბოლოო პროდუქტამდე მივალთ. იგივე გრუნტის შესწავლაზე დაკვეთები მოდის უცხოელებისგან. აქედან გამომდინარეც შეგიძლიათ იმსჯელოთ, სტატისტიკურად რამდენად მოთხოვნადია ეს სამუშაოები ჩვენ ბაზარზე.

- მშენებლობისას სეისმო-სტანდარტების დაცვას თუ გვავალდებულებს კანონმდებლობა და სამომავლოდ როგორ შეიძლება ასეთი საფრთხეების თავიდან არიდება?

- არსებობს ასეთი სამეცნიერო დარგი, რომელსაც ინგლისურად ჰქვია Earthquake engineering, რომელიც მიწისძვრის ინჟინერს ნიშნავს. განვითარებულ ქვეყნებში ამ პროფესიის ადამიანები ჩართულები არიან მშენებლობის დაგეგმვის და მიმდინარეობის პროცესში. ეს რგოლი აუცილბლად უნდა იყოს განვითარებული და გათვალისწინებული. ჩვენ სეისმოლოგები უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციას სეისმომედეგი მშენებლობის ინჟინერს და ის უნდა თვლიდეს, რა ძალაზე უნდა იყოს გაანგარიშებული შენობა და გაუძლოს იმ დატვირთვას, რაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ტერიტორიაზე ნავარაუდევმა მაქსიმალურმა მიწისძვრამ. ამ კუთხით საკმაოდ მწვავე პრობლემები გვაქვს, რადგან ინსტიტუტი აღარ არსებობს, ახალგაზრდა კადრების მომზადებაც არ მიდის. ჩვენთან ვცდილობთ, რომ ეს მიმართულება წამოვწიოთ, განყოფილება გავხსენით და ვცდილობთ, რომ ახალი კადრები წამოვწიოთ, თუმცა ჩვენ უცებ სეისმომედეგ ინჟინერს ვერ მივიღებთ, უცებ სპეციალისტს ვერ გამოვაცხობთ, ამისთვის საჭიროა კვლევები.

- საინტერესოა საქართველოში რომელი რეგიონებია სეისმურად საშიში? ასევე, წელიწადში დაახლოებით რამდენიმე მიწისძვრა ხდება და მაგნიტუდის საშუალო სიმძლავრე როგორია?

- ყველაზე ხშირად მიწისძვრები ხდება ჯავახეთში, რაჭასა და დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა, ამ რეგიონებში მოსახლეობის სიმჭიდროვე არის ნაკლები, რაც საფრთხეს ამცირებს. საშუალოდ 30 მიწისძვრა, 3-მაგნიტუდიანი ყოველთვის ხდება წლის განმავლობაში. ძირითადი ეპიცენტრებია ჯავახეთი, რაჭა, კახეთი. თბილისშიც იგრძნობა ხოლმე ბიძგები, რომელსაც მოსახლეობა ვერ გრძნობს. შედარებით დიდი მიწისძვრა 2012 წელს მოხდა ბოლო პერიოდში რაჭაში, სადაც სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.

- თუ არის ქვეყანაში ერთიანი სტრატეგია მიწისძვრებთან მიმართებაში?

- ბუნებრივ კატასტროფას მსოფლიოში არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური საზღვარი არ გააჩნია. სახელმწიფო ამ მხრივ საერთო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე. ეს არის სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია მსგავსი კატასტროფების ქვეყანაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კრიზისების საბჭოსთან. შემუშავდა კონცეფცია, სწრაფი რეაგირების სტრატეგიული გეგმა თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მსგავს შემთხვევებში. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტთან ახალი სეისმური ნორმების მიღების კუთხით. ახალი სამშენებლო პოლიტიკის თუ ინფრასტრუქტურის დაგეგმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენთან პროგრესი ნებისმიერი დიდი მიწისძვრის შემდეგ იგრძნობა ხოლმე. საუბედუროდ, ინერტულები არიან ხოლმე გადაწყვეტილებების მიმღებნი, სანამ არ დადგება კატასტროფული შედეგი. განვითარებად ქვეყნებში პრევენცია ძირითადად ძალიან ნელა ვითარდება. ეს სტრატეგიული გეგმა რომ შემუშავდეს, დამოკიდებულია სამეცნიერო კვლევებზე, რაც თავისთავად აპარატურის განახლებასთან და მონიტორინგის სისტემების განახლებასთან, ასევე კადრის გაზრდასთან არის დაკავშირებული. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, არის სეისმური საშიშროების რუკების მიღება. რამდენიმე ეტაპია, რომ სახელმწიფომ მიიღოს სეისმო რუკა როგორც ქვეყნის ოფიციალური რუკა. ამას რამდენიმეხნიანი პროცედურა ჭირდება. ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს ტენდერს რუკებთან დაკავშირებით. ეს სამეცნიერო პროექტია და ვაპირებთ ამ ტენდერშიც მივიღოთ მონაწილეობა. სეისმო რუკა უკვე შემუშავებული გვაქვს.

- მონაცემების დამუშავება ძალიან ოპერატიულად ხდება. ამას ადასტურებს თქვენი ვებგვერდიც, სადაც მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია მოხდენიდან მხოლოდ რამდენიმე წამში ვრცელდება. როგორ მუშავდება მონაცემები?

- მონაცემების სწრაფი დამუშავება ტექნოლოგიურ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ონლაინ-რეჟიმში ვაკვირდებით პროცესს. მთელ საქართველოში არის 25 სადგური, თუმცა ვაპირებთ, რომ მთელ საქართველოში 60 სადგური გაკეთდეს. ეს სახელწმიფო დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ მთავრობა, რომ ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ამ სადგურებიდან ხდება ონლაინ რეჟიმში მონაცემების გადმოცემა. ჩვენ ვიყენებთ სატელიტურ ტექნოლოგიებს, ინტერნეტ ტექნოლოგიებს, ვსარგებლობთ მობილური კომპანების მომსახურებით და 24 საათის განმავლობაში, უწყვეტი დაკვირვების რეჟიმში ჩვენთან იგზავნება სპეციალური მონაცემები. ჩვენ გვაქვს სპეციალური სოფტები, პროგრამული პაკეტები. ჩვენ უფრო იაფი გზით ვართ წასულები და არ ვსარგებლობთ კომერციული პროგრამებით, ვსარგებლობთ მეცნიერების მიერ განვითარებული პროგრამით, რაც ევროპული სტანდარტია. ამ პროგრამული პაკეტით ხდება ავტომატური დამუშავება მონაცემების. ხდება ჩვენი მხრიდან პროგრამების განვითარება და ამ პროგრამების საშუალებით 24 საათის განმავლობაში ხდება ქსელის ოპერირება და მონაცემების წამის მეასედებში დადება ვებგვერდზე. რამდენიმე ჯგუფი მუშაობს: სამეცნიერო ჯგუფი, პროგრამისტების ჯგუფი, ტექნიკური ჯგუფი.

- საინტერესოა რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა მიწისძვრის დროს?

- ყველაზე დიდი რჩევა არის, რომ მოხდეს ინფორმირებულობა. არის წესები, თუ როგორ ვიქცევით მიწისძვრის დროს. პირველი არის თუ როგორ ვაწყობთ სახლს. იაპონიაში მაგალითად, ყველა თარო მიჭედებულია. ყველა საგანი, რომელიც შესაძლებელია მოძრავი იყოს რხევების დროს, მიმაგრებულია. უნდა შევძვრეთ მაგიდის ქვეშ ან კარის ღიობში, რომ საფრთხე ავირიდოთ, სადაც რეალურად ნაკლები საშიშროებაა იმისა, რომ ნანგრევებში მოყვეს ადამიანი. არ უნდა დატვირთო კიბე, არ შეიძლება ლიფტში შესვლა.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია