მოვუწოდებ "თავისუფალ დემოკრატებს", თავი შეიკავონ განცხადებებისგან და მშვიდად იყვნენ, რადგან ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების თემის კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ბევრი და ღია ლაპარაკით ქვეყანას ზიანი ადგება.
"კიდევ ერთხელ გავაკეთებ შემდეგ კომენტარს: რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ბატონი ალასანია და მისი პარტიის წევრები ამ საკითხზე, უფრო მეტი ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პროცესს, პროცესი მიმდინარეობს ძალიან წარმატებით. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რადგან იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც ამ საკითხზე ღიად საუბრობს, მე სხვა პასუხისმგებლობა მაქვს, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პროცესი მიმდინარეობს წარმატებით, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, იდგმება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, რომ თავი შეიკაონ განცხადებების გაკეთებისგან და მშვიდად იყვნენ, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად მიდის", - აღნიშნა ჯანელიძემ. საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სპეციალურ ბრიფინგს 3 აპრილს გამართავს.
როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშკრულებაზე ხელმოწერის შეჩერებას მინდია ჯანელიძე ითხოვდა, რომელიც ალასანიას მინისტრობის დროს კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობდა. ჯანელიძის თქმით კი, ხელშკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.