კვების ჰიგიენა კლიმაქტერულ და მის შემდგომ პერიოდში ისევე აქტუალურია, როგორც სასქესო ორგანოთა და საზოგადოდ, ქალის სხეულის ჰიგიენა. კვების რაციონალურ რეჟიმსა და საკვები რაციონის სრულფასოვნებაზე დამოკიდებულია როგორც კლიმაქტერული პერიოდის ნორმალურად (არასასურველი გამოვლინებებისა და გართულებების გარეშე) მიმდინარეობა, ასევე მოგვიანებით - ხანდაზმულობის ასაკში ქალის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით აქტუალურია კალციუმით, მაგნიუმით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.
ესტროგენების შემცირება ქალის ორგანიზმში განსაკუთრებულ დაღს ასვამს კალციუმის ცვლას, შესაბამისად, ძვლების გამეჩხერება (ოსტეოპოროზი), ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, სიარულის მანერის დარღვევა, ნევროლოგიური ხასიათის დარღვევები - მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალბატონებისთვის იშვიათი პრობლემა არ გახლავთ.