გასულ კვირას, როგორც ბოლო დროს ხშირად ხდება, ''ფეისბუქით'' კიდევ ერთი ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად თემა უფრო მძიმე აღმოჩნდა, რადგან სასულიერო პირს ეხებოდა. მამა ანთიმოზ ივერიელს გოგონამ, ვინმე ეთო გავაშელიშვილმა, ვიდეო გამოუქვეყნა, სადაც ბერი იგინებოდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. პირველად ორი წლის წინ, 17 მაისს რუსთაველზე გამართულ აქციაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნეს - იქ მყოფი მამა ანთიმოზი ასევე იგინებოდა, თუმცა, როგორც მაშინ თქვა, დაუმონტაჟეს და ეს ვიდეო სინამდვილეს არ ასახავდა.
მეორე შემთხვევა უფრო მძიმედ დასრულდა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ საპატრიარქომ არქიმანდრიტს მღვდელმსახურების უფლება ორმოცი დღით შეუჩერა. ივერიელმა ამ შემთხვევის შემდეგ პენსიაზე გასვლა მოითხოვა, რაც ავტომატურად მღვდელმსახურების სრულად შეჩერებას ნიშნავს.
მამა ანთიმოზ ივერიელს ინტერვიუზე შევხვდით და მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეებზე ვესაუბრეთ.
- ხალხმა ეკლესიიდან წამოსვლა სხვანაირად გაიგო. უბრალოდ, როდესაც მღვდელმსახური ითხოვს პენსიაზე გასვლას, მას აღარ აქვს მღვდელმსახურების, წირვის ჩატარების უფლება. კი არ განვმოსილვარ და წვერი კი არ გამიპარსავს. ეს გადაწყვეტილება ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ გამოიწვია. 17 მაისის შემდეგ დესტრუქციულ ძალად მიმიჩნევდნენ, თითქოს ვარცხვენდი ეკლესიას. საპატრიარქოს სწერდნენ წერილებს, მამა ანთიმოზი დასაჯეთო.
- ბევრი მამაო აქტიურობს სოციალურ ქსელში, თქვენ მიმართ რატომ არის განსაკუთრებული აგრესია?
- 17 მაისის ლიდერი ვგონივარ ნაცელგებეტეს და ლიბერასტებს, მე მათ ასე ვეძახი. ტაბურეტკიან მამაოს მეძახიან და საშინელი სიტყვებით მომიხსენიებენ. სპეციალური გვერდიც არსებობს, სადაც შეურაცხყოფას მაყენებენ.