1979 წელს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ნანა მჭედლიძის კომედია ''იმერული ესკიზები''. ფილმში ასახულია იმერული ყოფის რეალური ამბები, ამ კუთხის ცხოვრება II მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში. ხონსა და მის გარშემო სოფლებში მომხდარი ამბები ბავშვობიდან ილექებოდა მომავალი რეჟისორის მეხსიერებაში და მოგვიანებით, როცა შესაძლებლობა მიეცა, ყველაფერს ერთად თავი სცენარის სახით მოუყარა. იმერლების პატივსაცემად, თავის მორიგ ნამუშევარს ''იმერული ესკიზები'' დაარქვა...
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე 89 წლისაა. ჯერ თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში რეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. მისი პირველი ნამუშევარი გახლდათ კინონოველა სახელწოდებით ''ჩქარი მატარებელი'', რომელიც ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო.
მომავალი მსახიობი და რეჟისორი ხონში დაიბადა. რეპრესირებული ოჯახის შვილს არ ჰქონია ლაღი ბავშვობა. 1937 წლის რეპრესიებისას ჯერ მათემატიკის მასწავლებელი და ინჟინერი მამა გადაუსახლეს, შემდეგ- დედა. ბარბარე ფარცხალაძე რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. მისი გადასახლების მიზეზი კი ერთი სრულიად უწყინარი ფრაზა აღმოჩნდა: უწინ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საახალწლო ზეიმები არ იმართებოდა. როცა ამ დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს, ეს ნანას ბავშვობას დაემთხვა.
მასწავლებელმა ნაძვის ხის ზეიმზე ბავშვებს სანთლების ანთება დაავალა. მომავალი ხელოვანის დედას უთქვამს, სანთლები რა საჭიროა, როცა ელექტროენერგია არსებობსო, მაგრამ მასწავლებელმა გეგმა არ შეცვალა და ზეიმზე ხანძარი გაჩნდა. მართალია, არავინ დაშავებულა და მშობელს სიხარულით აღუნიშნავს, კიდევ კარგი, რომ ბავშვებს არაფერი მოუვიდათო, მაგრამ ეს ფრაზა ისე განმარტეს, თითქოს მას მხოლოდ საკუთარი შვილების ბედი აღელვებდა და არა სხვა აღსაზრდელების. და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქალი ''მტრად'' შეერაცხათ. 12 წელი ამყოფეს გადასახლებაში, საიდანაც დაბრუნებული რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
იხილეთ გაგრძელება