"კრედიტის ლიმიტი'' ნუცა ალექსი-მესხიშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც 2 აპრილიდან გავა საქართველოს კინოთეატრებში. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2014 წლის 5 სექტემბერს ვენეციის 71-ე კინოფესტივალზე შედგა. მთავარ როლში ნინო კასრაძეა, რომლის პერსონაჟი ცდილობს, ფეხი აუწყოს დღევანდელობას და შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რომელიც მას და ოჯახს საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა. ერთ ვალს მეორე მოსდევს, მეორეს - მესამე და ასე შედის მთავარი გმირი ჩიხში. ფილმის სცენარის ავტორსა და რეჟისორთან საუბარი ფილმის დაფინანსების თემით დავიწყეთ.
- ფილმის გადაღებები 2013 წლის ზაფხულში დავიწყეთ. მანამდე სცენარი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ''მწიფდებოდა''. როგორც კი დავასრულე, საქმიანობას შევუდექით. ფილმში არც ჩვენი სახელმწიფოს და არც სხვა ქვეყნის ფული არ ჩადებულა. მას ჰყავდა ფრანგი ოპერატორი, რომელიც საკუთარი ხარჯებით შემოგვიერთდა წამოწყებაში, ასევე წარმოების პროცესში ჩაერთო გერმანელი მეგობარიც. აქედან გამომდინარე, პასუხი ასეთია: ესაა საკუთარი ძალებით გადაღებული ფილმი.
- მრავალი წელია, ნინო კასრაძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. აქტუალური თემაა, რამდენად ართმევენ თეატრის მსახიობები თავს კინოროლებს.
- ჩვენთან გავრცელებული და მოარული აზრია, რომ თეატრის მსახიობები ფილმშიც თეატრის მსახიობებად რჩებიან. ზუსტად ვერ ვხვდები, რა იგულისხმება ამ სიტყვებში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნინო სწორედ კინოს ნამდვილი მსახიობია.
მართალია, კამერასთან სხვა ტიპის თამაშია საჭირო. ჩემი მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებებისას მიმუშავია თეატრის მსახიობებთან და მათი თამაშით კმაყოფილი ვიყავი. რაც შეეხება ნინოს, ერთი წამი არ არის ეკრანი მის გარეშე. პირველივე წუთიდან ის ამ პროექტის თანამოაზრე იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ მისთვის ვწერდი ამ სცენარს და თავიდანვე ნინო მყავდა წარმოდგენილი ნინოს როლზე. მუშაობის პროცესში მას ვუზიარებდი აზრებს, ერთად ვწყვეტდით მიმართულებას და როცა უკვე გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდით, ერთმანეთისთვის, ფაქტობრივად, თითქმის აღარაფერი გვითქვამს, რადგან უკვე ყველაფერი იცოდა. ნინო კარგად ფლობს ისეთ ტექნიკურ დეტალებს, ვთქვათ, როგორიცაა, რამდენი ნაბიჯი გადადგას, სად გაჩერდეს, კამერის მიმართულებით რა კუთხით დადგეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, ნინომ თავისი თავშეკავებული თამაშის მანერით ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა.
გაგრძელება