ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთან, ბასტიან შვაინშტაიგერთან დაკავშირებულ ინციდენტზე წერს:
"კარგი რა, ნუ კიცხავთ ამ ბავშვს. სადაც გავიხედე შეურაცხყოფას აყენებენ ზრდასრული ადამიანები. არ გინახავთ უცხოურ კონცერტებზე გული რომ მისდით და წივილ-კივილით ხვდებიან თავის კუმირებს, სასწრაფოებიც რომ მობილიზებულია ხოლმე. უნდოდა ამ ადამიანს თავისი საყვარელი ფეხბურთელის ნახვა და შანსი ასე მიეცა, მისივე ქვეყნის გუნდთან შერკინებისას. ღმერთმა მისცეს სულ სიხარულისგან გამოწვეული გადაჭაბებული ემოციური ქცევა. ვითომ იმდენი რამე უხარიათ ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს, რომ ერთი ჩვენი აზრით ზედმეტი აღტაცების გამო მზად ვართ ჩავქოლოთ.
არ არის ხოლმე საკმარისი მიზეზი საიმისოდ, რომ ცუნამივით გადაუაროს აგრესიის ტალღამ მთელ სოციალურ ქსელს.
რამდენიმე საათის წინ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, სიმპატიური, ჭკვიანი, პროკურატურაზე გავბრაზდეთ ამის ნახევარი გრძნობით, რომ მიტოვებულია დროულად გასარჩევი, სახიფათო საქმეები და ბეწვზე კიდია ადამიანების სიცოცხლე. არავითარი მორალისტობა, უბრალოდ მინდა სიხარულის დანახვა, თუნდაც მე ასე არ მიხაროდეს იგივე ფაქტი" - წერს ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ დაუჩოქა "დინამო არენაზე" ქართველმა ფანმა ბასტიან შვაინშტაიგერს, რამდენიმე საათში ქართული ინტერნეტსივრცის ჰიტი გახდა. თუმცა, არამხოლოდ ქართულის. ვიდეოს, სადაც სწორედ ეს ფაქტია ასახული, გერმანული bild.de აქვეყნებს სათაურით - "თაყვანისცემა საქართველოში - "თავდასხმა" ჩახუტებით ბასტიან შვაინშტაიგერზე".