ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები გახმაურებულ კრიმინალურ ისტორიებში ხშირად ეხვევიან. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ქართველები ევროპაში ძირითადად სწორედ ქურდობისთვის მიდიან. მსოფლიო რამდენიმე ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს იცნობს. "ამბები.გე" იმ გახმაურებული საქმეებით დაინტერესდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართველების მონაწილეობით მოხდა.
კრიმინალური დაჯგუფება "ლობენდა"
გასული წლის ოქტომბერში ესპანეთში ათეულობით ქართველი კრიმინალი დააკავეს. 2014 წლის 27 ოქტომბერს ესპანურმა პოლიციამ ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფება "ლობენდას" ოთხი ქართველი წევრი დააკავა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ბინებს ძარცვავდნენ. მძარცველები ბინაში იმ დროს შედიოდნენ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, დაკავებულების ბინებიდან ამოიღეს რამდენიმე კილოგრამი მოპარული საიუველირო ნაკეთობა, კომპიუტერული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები, რევოლვერის ტყვიები და ბინის გასაღებად საჭირო ინსტრუმენტები.
სასულიერო პირის მკვლელობა
სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით, გასული წლის თებერვალში 24 წლის ქართველი დააკავეს. შემთხვევა კალამატას რაიონში, მესინიაში მოხდა. ძიების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულები 54 წლის არქიეპისკოპოსს სახლში შაბათ ღამით ესტუმრნენ. მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილებმა სასულიერო პირს ჯერ მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ კი ტანსაცმლით დაახრჩვეს.
მალაიზიაში დაკავებული ქართველები
მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალები დღემდე პატიმრობაში რჩებიან. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ქართველ ქალებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, თუმცა სასჯელის უმკაცრეს ფორმას მას შემდეგ გადაურჩნენ, როცა ბაბუცა გორდაძის ქმარი ელდარ დავითიანი ქართველ სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. დავითიანი ციხიდან გათავისუფლდა, ბაბუცა გორდაძე სასჯელს ქალაქ კოტა-კინაბალუს ქალთა ციხეში იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. გორდაძე დასაქმებულია ციხის საწყობში და საელჩოს მასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. საქართველოს კონსულმა ის ბოლოს აპრილში მოინახულა, რის შემდეგაც ბაბუცა გორდაძეს შეხვედრა აღარ მოუთხოვია. დარეჯან კოხტაშვილი სასჯელს ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. მას ჯანმრთელობის შესახებ ჩივილების გამო მალაიზიის ციხეების დეპარტამენტმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, თუმცა, სამედიცინო კომისიამ ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გამოავლინა. ამჟამად დარეჯან კოხტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.
ქართველი ქალების დაკავება საბერძნეთში
ჯგუფურად და არაერთხელ ჩადენილი ქურდობისთვის საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 10 მოქალაქე დააკავა. ბრალდებულებიდან 4 ქალია. ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ქალები ბერძნების სახლებში ექთნებად მუშაობდნენ.
გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ბოლო თავდასხმისას მათ მოხუც ქალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთეს და სახლიდან 3700 ევრო წაიღეს.
დაჯგუფებას, რომელსაც ბერძნული პოლიცია რამდენიმე თვე ეძებდა, გამოძიების ინფორმაციით, 10-ზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი. სამართალდამცველებმა მათი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი და ფული ამოიღეს.
კიდევ ერთი სპეცოპერაცია ბერძნულმა პოლიციამ 25 თებერვალს ჩაატარა. ამ შემთხვევაშიც დაკავებულები ქართველები არიან.
სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი ქართველი ბოლო სახლის ქურდობიდან მალევე, ათენის გარეუბანში ძებნაზე გადაცემული ავტომობილით მოძრაობისას დააკავეს. ავტომობილი ასევე ძებნილ ქართველს ეკუთვნის.
საფრანგეთში ყაჩაღობის ბრალდებით, თერთმეტი ქართველი დააკავეს გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის პოლიციამ 11 ქართველი დააკავა, რომლებსაც საფრანგეთის ტერიტორიაზე ასზე მეტ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. დაჯგუფების წევრებს 2014 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე საფრანგეთის დედაქალაქსა და ათ დეპარტამენტში დაახლოებით 120 ძარცვა აქვთ ჩადენილი, ხოლო მიყენებული ზარალი შეფასებულია დაახლოებით 600 ათას ევროდ.
ფრანგი სამართალდამცველები კვალზე აგვისტოში ყაჩაღობისთვის დაკავებული ორი ქართველის საქმის ძიებისას გავიდნენ.
გამოცემის თანახმად, დაკავებულთა ნაწილი "კანონიერი ქურდის" სტატუსს ატარებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალური საძმოს წევრია. ბერძნული მედიის ცნობით, მათ აღიარეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თანამზრახველებთან ერთად რამდენიმე სახლი გაძარცვეს. დაასახელეს სხვა ბრალდებულების ვინაობაც, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას 100 000 ევრო ამოიღო.
საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს საბერძნეთში საქართველოს კონსული. დიპლომატიურ უწყებაში მხოლოდ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იციან.
დაკავებული ქართველების ვინაობა უცნობია. სასამართლო მათი ბრალდების საქმეზე ხვალ პირველად იმსჯელებს.
თამარ ბოჭორიშვილი