19 წლის ნიკა ჭავჭავაძე რამდენიმე თვეა, რაც გადაცემა ''სხვა რაკურსის''ჟურნალისტია. პარანორმალური მოვლენებით დიდი ხანია დაინტერესდა, მაგრამ ბოლო დროს მისი ყურადღება ერთმა ამბავმა მიიპყრო.
ჟურნალისტს ამ თემის კვალდაკვალ უამრავი საინტერესო რამ გადახდა, სიკვდილს თვალებში ჩახედა, იყო მუქარაც და დაშინებაც, ყველაფრის მიუხედავად, აპირებს, ამ თემას ისევ მიუბრუნდეს, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ.
- პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკით დიდი ხანია დავინტერესდი. ყოველთვის მომწონდა პარანორმალურ მოვლენებზე მომზადებული რეპორტაჟები და რამდენი თვის წინ თბილისში არსებული 10 მისტიკური სახლის თემამ დამაინტერესა, რომლებსაც ერთმანეთთან გვირაბები აკავშირებთ. იმ პერიოდში წიგნის დაწერა მინდოდა, მაგრამ იმდენად რთული და საინტერესო თემა აღმოჩნდა, რომ გადაცემა ''სხვა რაკურსში''გასაუბრებაზე მისულმა პროდიუსერს გავუმხილე. იდეა მოეწონა და გადავწყვიტე, რეპორტაჟი გამეკეთებინა.
- შეგიძლია, უფრო დაწვრილებით მოგვითხრო, რომელ სახლებზეა საუბარი?
- თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარეობს ათი სახლი, რომლებსაც რუკაზე თუ მონიშნავ და წერტილებით შეაერთებ, პენტაგრამას, იმავე სატანის ნიშანს მიიღებ. შუა ნაწილში სამკუთხედს ქმნის რუსთაველის თეატრის, უზენაესი სასამართლოსა და კანცელარიის შენობები. რაც ყველაზე საინტერესოა, ათივე სახლი არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა ააშენა. ასევე სამი შენობაც, რომელიც შუაგულში მდებარეობს. არქიტექტორზე მოძიებული ინფორმაციით გავარკვიე, რომ საქართველო ძალიან უყვარდა, მაგრამ იყო მასონი, სატანის მიმდევარი. მის მიერ აშენებულ სახლებზე გამოხატულ ორნამენტებს თუ დააკვირდებით, მასონთა ნიშნებს ამოიცნობთ.
გამიმართლა და რუსთაველის თეატრში მისულს ახალი თანამშრომელი დამხვდა, რომელმაც უპრობლემოდ ჩამიყვანა სარდაფში. სამი სართულის ქვევით დავინახე, რომ გისოსები ჩანდა, როდესაც შიგნით ჩავანათე, ძალიან გრძელი კიბე დავინახე. გვერდზე კი წარწერაა, რომ ამ კარს საბერძნეთის სახელმწიფო იცავს. არ ვიცი, დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ამ ქვეყანას ყველა იმ მისტიკური სახლის შესყიდვა სურს, რომლებიც პენტაგრამას ქმნის. შემდეგ ჯერზე რუსთაველის თეატრში კამერით აღარ შემიშვეს.