საფრანგეთის ალპებში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილას სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. წინასწარი მონაცემებით, ოპერაცია შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
მომხდართან დაკავშირებით დღეს საფრანგეთის, ესპანეთისა და გერმანიის ლიდერები კატასტროფის ადგილას აპირებენ ჩასვლას. ამას გარდა, ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. გერმანული ავიაკომპანია "ჯერმანვინგი", რომელიც "ლუფთანზას" ეკუთვნის, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებით არის ცნობილი. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა უბედური შემთხვევა იყო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფამდე ბორტზე, შესაძლოა, მომხდარიყო აალება, რამაც ეკიპაჟის წევრებში გონების დაკარგვა გამოიწვია. ამის შესახებ ვარაუდი ფრანგმა ექსპერტმა ჟერარ ფელტზერმა გამოთქვა, რომელიც ფრანგული მედიისთვის მსოფლიო ავიაკატასტროფების ანალიზებით არის ცნობილი.
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, "Airbus A320"-ის კატასტროფის ადგილზე ერთი "შავი ყუთი" აღმოაჩინეს. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რომელი ყუთია ნაპოვნი - რომელიც ეკიპაჟის საუბარს იწერს, თუ ფრენის ტექნიკურ პარამეტრებს. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე სპეცოპერაციაში 10 სამხედრო ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ გერმანული კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 150 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ ქალაქ ბარსელონეტთან ახლოს, ხევში ჩამოვარდა. მგზავრთა შორის 67 გერმანელი იყო, მათგან 16 მოსწავლე; 45 კი ესპანელი. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ავსტრალიელი, თურქი, დანიელი, ბელგიელი და ჰოლანდიელი მგზავრებიც. წინასწარი ვერსიით, ყველა მათგანი დაიღუპა.