სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლები, სადაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები მოსახლეობას გრანდიოზულ ეკოაქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
"აქციე მაკულატურა წიგნად" - ამ სახელწოდების ვიდეორგოლები რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები მოსახლეობას მედიასახლ "პალიტრის" გრანდიოზულ ეკოაქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე კარგად იცის "პალიტრის" უპრეცედენტო შემოთავაზების შესახებ - მედიასახლი მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას, "დედამიწის საათს" უერთდება და მხოლოდ 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 1 კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების წიგნში გადაცვლის შანსს გაძლევთ. შეგახსენებთ, უკვე ორი წელია, პროექტ "მაკულიტერატურის" ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია უსარგებლო მეორეული ქაღალდების, ჟურნალების, წიგნების, ფლაერებისა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმის სანაცვლოდ ახალი წიგნები მიიღოს...
დამეთანხმებით, ეს უპრეცედენტო წამოწყებაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წიგნი უყვარს, ქაღალდსაც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ტყეების გაჩეხის წინააღმდეგია. მით უმეტეს, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ტყის საფარი საგანგაშო მდგომარეობაშია. ეკოლოგების განმარტებით, თუ ამ ტემპით ხეების გაჩეხა გაგრძელდა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარი სიმდიდრე - ფლორა და ფაუნა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება საზოგადოდ მსოფლიოს, სწორედ ამიტომ ამ სავალალო მდგომარეობიდან გამოსავალს უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველდღიურად ეძებენ. არადა, ბუნების დაცვის საქმეში წვლილის შეტანა თითოეულ ჩვენგანს მარტივად შეგვიძლია, ეს მხოლოდ ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მერწმუნეთ, სულაც არ არის აუცილებელი, ყოველი ახალი ფურცლის წარმოებას ახალი ხე შეეწიროს. არც ის იფიქროთ, რომ კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარზე - წიგნზე უარის თქმისკენ მოგიწოდებთ. არა! ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, როგორც იქნა, ადამიანიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მაქსიმუმის მისაღებად გარე სამყაროს მინიმალურად დაზიანებაა საჭირო და ბუნების გადასარჩენად ე. წ. მეორეული ქაღალდის გადამუშავება დაიწყო - მაკულატურა გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.
გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბმ წყალი და 2,3 კვმ მიწის მოცულობა დაიზოგება...
უკვე ორი წელია მწვანე საფრის გადარჩენა მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო. თავის მხრივ, "მაკულიტერატურის" გრანდიოზული აქციისთვის საზოგადოებაც ემზადება. როგორც მოსახლეობა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, დიდი ხანია, უსარგებლო ქაღალდები ახალ წიგნში გადასაცვლელად "მოიმარაგეს".
ნინო მუმლაძე, 42 წლის: "დიდი ხანია, ძველ და სრულიად უსარგებლო ქაღალდებს ვაგროვებ. თაროებიდანაც თითქმის ყველა ძველი წიგნი გადმოვალაგე, რომლებმაც წლებთან ერთად ფასეულობა დაკარგა და მხოლოდ მტვრის ბუდედ იქცა.
დარწმუნებული ვარ, ახალი წიგნები სახლსა და ჩემი ოჯახის წევრებსაც ახალ სიცოცხლეს შემატებს. ფაქტობრივად, ნაგავში გადასაყრელად გამზადებული ძველი ქაღალდების სანაცვლოდ ახალ წიგნებს გვაძლევენ. თანაც, ვიცი, რომ "პალიტრას" წიგნების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს.
"მაკულიტერატურის" გრანდიოზულ აქციაში მონაწილეობისთვის 53-ე სკოლაც ემზადება. ირმა მალანია, 53-ე სკოლის პედაგოგი: "მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებს სამოქალაქო ცნობიერება ადრეული ასაკიდან განვუვითაროთ. სწორედ ამიტომ სამოქალაქო პროექტების დაგეგმვასა და მასში მონაწილეობას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. "მაკულიტერატურაც" მოსახლეობაში სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლებას ემსახურება - ბავშვებიც სწავლობენ, რომ ტყეების გადასარჩენად მაკულატურის შეგროვება აუცილებელია. ამ მიზნით, სკოლაში რამდენიმე "მწვანე" ნაგვის ურნაც გვაქვს.
პროექტ "მაკულიტერატურაში" სკოლის ყველა კათედრა ჩართულია".
მაკულატურას ღირებული ლიტერატურა რომ არ გაჰყოლოდა, "პალიტრამ" დახმარება ეროვნულ ბიბლიოთეკას სთხოვა. მათ მაკულატურაში გაბნეული მნიშვნელოვანი წიგნების მოძიება დაიწყეს - ასი ტონა მაკულატურიდან 1 500 წიგნზე მეტი გადარჩა!
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: პროექტი "მაკულიტერატურა" მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წამოწყებაა - მოქალაქეების წიგნით დაინტერესებასთან ერთად, ის მწვანე საფრის დაცვასაც ემსახურება. თანაც "მაკულიტერატურა" რომ არა, უამრავი მნიშვნელოვანი წიგნი ფიზიკურად დაიკარგებოდა და მათ ვერც მომავალ თაობას გადავცემდით.
ასე რომ, პროექტმა ქართული წიგნიერების განვითარებაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და იმედი მაქვს, ის მომავალშიც გაგრძელდება.
ambebi.ge-ს რედაქცია უერთდება მაკულატურის აქციას და მოუწოდებს საზოგადოებას ჩააბარონ მაკულატურა.
მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ წერეთლის 116-ში, სავაჭრო ცენტრ ,,დიდუბე პლაზას"" ეზოში, ჯიხური N10.