ამბობენ, ადამიანი ყველაფერს ეგუებაო. ქართველებიც, ავად თუ კარგად, ჟინვალის ხეობაში დაგუბებულ 7-კილომეტრიან არაგვის ზღვას შევეგუეთ და მის 75-მეტრიან ფსკერზე რა ჩაიძირა, აღარც ვკითხულობთ. ან, უბრალოდ, გვირჩევნია, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს. არ მეეჭვება, რომ მოვა თაობა, რომელიც უსათუოდ მოიკითხავს, რა იმალება ჟინვალის ზღვის ფსკერზე. მამაკაცებს ტირილი არ ეხერხებათ, მაგრამ ჟინვალის გათხრებზე მომუშავე არქეოლოგი, ქალბატონი ვერიკო ჩიხლაძე ცრემლს ვერ იკავებს, - ამ ადგილის სრული გათხრები ვერ მოხერხდა და მრავალი საუკუნის არქეოლოგიური განძის 60% წყალმა დაფარაო. 41 წლის წინ კი არქეოლოგმა რამინ რამიშვილმა თავის ექსპედიციასთან ერთადა პირველად დაჰკრა ბარი იქ, სადაც უძველესი ქართული ქალაქი უნდა ჩაძირულიყო. ბატონ რამინს იმ დღეების გახსენება ძალიან უჭირს.
- ქალაქი ტყუილად როდი ვახსენეთ, - ზუსტად იმ ადგილებში, რომელიც ჟინვალის ზღვამ დაფარა, შუა საუკუნეების მდიდარი ქართული ქალაქი ჟინვალი ყვაოდა თავისი ციხე-კოშკებით, გზებით და სასახლეებით. აქ ცხოვრება პრესტიჟულად ითვლებოდა, შეღწევა და დასახლება ჭირდა, ახალმოსახლეებს მხოლოდ ქალაქგარეთ ცხოვრების უფლებას აძლევდნენ. გათხრების დაწყებისთანავე გამოჩნდა მათი ნასახლარები. მსოფლიო სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარე ეს მდიდარი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი, რომელშიც დიდვაჭარნი მიმოდიოდნენ, მთელი კავკასიის კარს აკონტროლებდა. წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად გამოჩნდა იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოიყვანა - მათ ჟინვალი გამოიარესო, - წერს მემატიანე. მერე კი ჟინვალი თამარმა საკარგავად - დროებით სარგებლობაში ერთგულ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს უბოძა. მან ეს ძვირფასი სარგო ფეოდალთა აჯანყებისას თამარის გვერდით დგომით დაიმსახურა.
იხილეთ გაგრძელება