საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მორიგ მატჩში, რომელშიც მისი "მილუოკი" დრამატულ, დაძაბულ, 3-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა "ბრუკლინთან", 22 ქულა, 21 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.
ფაჩულიას შედეგიან თამაშს ვერ აუფერულებს მილუოკელთა მარცხი. წაგება ხშირია და "მილუოკის" ბევრიც წაუგია და მომავალშიც წააგებს, ქართველი ცენტრის შედეგი კი ისტორიას სამუდამოდ დარჩება.
ზაზამ კარიერის რეკორდი დაამყარა მოხსნებში. ეს შედეგი მისი კარიერის პიკია, ისევე როგორც მეტოქის ფარზე დაგროვილი 18 (!) მოხსნა.
ეს გახლავთ სრულიად NBA-ს მასშტაბით ისტორიული შედეგი. მეტოქის ფარზე აქამდე 18 მოხსნა მხოლოდ დენის როდმანს და ჩარლზ ოკლის ჰქონია. ეს შედეგი NBA-ს ისტორიაში მე-3-ედ ითვლება, ხოლო ამაზე მეტი მხოლოდ მოზეს მელოუნს მოუხვეჭავს - ერთხელ 19 და ერთხელაც - 21.
ზაზამ კარიერაში პირველად ჩაატარა ისეთი მატჩი, რომელშიც 2 მაჩვენებელში 20 სტატისტიკურ ერთეულს მიაღწია (და გადააჭარბა კიდეც). ფაჩულიას კარიერის რეკორდად 27 ქულა ითვლება, რომელიც ქართველმა ცენტრმა 2007 წლის 7 მარტს "ვაშინგტონთან" მოაგროვა, თუმცა სათქმელია, რომ ზაზას წლებია, 20-ქულიანი ბარიერისთვის არ მიუღწევია.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 40 წუთი გაატარა. ზაზამ 16-დან 9 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 22 ქულასა და 21 მოხსნასთან ერთად ქართველმა ცენტრმა თავისიანთაგან უმეტესი 7 პასი მიითვალა და ბურთი ერთხელ ჩაჭრა.
ფაჩულია მილუოკელთაგან საუკეთესო იყო, მისმა ოპონენტმა ბრუკ ლოპესმა, რომელიც ბრუკლინელთაგან საუკეთესოდ დაასახელეს 32 ქულა, 18 მოხსნა და 5 დაფარება დააგროვა.