იემენში, ქალაქ ადენის საერთაშორისო აეროპორტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსეს. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. "დოიჩე ველეს" ცნობით, თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სცადეს. იყო აფეთქების ხმაც. მომხდარის გამო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.
თავდამსხმელები ქვეყნის პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის მოწინააღმდეგეები და ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდალა სალეჰის მომხრეები არიან. სალეჰი, რომელიც 2011 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა, მხარს უჭერს შიიტ ჰუსიტებს, რომლებმაც გასული წლის სექტემბერში დედაქალაქი სანაა დაიკავეს და ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ. მომხდარის გამო, მოქმედი პრეზიდენტი, აბდ რაბუ მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა.