ის თავისუფალ თეატრში თანამშრომლობს, მიწვევით თამაშობს მარჯანიშვილის თეატრშიც, მონაწილეობს სერიალებშიც. მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლის - მსახიობ გიორგი მახარაძის ჯგუფელი და შეყვარებულია. წყვილი ამჟამად ერთად ცხოვრობს, მაგრამ დაოჯახებას ჯერ არ აპირებენ.
- 4 თებერვალს გახდა 2 წელი, რაც მე და გიორგიმ ერთმანეთს "სხვანაირი" თვალით შევხედეთ. 8 წელია, მას ვიცნობ. ჯგუფელები ვიყავით და ამავე დროს, ახლო მეგობრებიც. ახლა, როცა გავიზარდეთ, შეხედულებები შეგვეცვალა, ჩვენც შევიცვალეთ და ასე ვთქვათ, ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. გიორგის, როგორც პიროვნებას, ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. მას ბევრი კარგი თვისება აქვს და რაც მთავარია, ძალიან კეთილი, თბილია. მისი იმედი მაქვს ყოველთვის და ყველაფერში, ის ჩემთვის დიდი ძალაა...
- სიყვარულში გიორგი გამოგიტყდა?
- ჩვენ უსიტყვოდ მივუხვდით ერთმანეთს, რადგან უკვე სხვანაირად ვუღიმოდით, ვუყურებდით ერთურთს. ახლა უკვე ერთად ვცხოვრობთ.ვფიქრობ, დაქორწინებამდე რაღაც პერიოდი წყვილმა ერთად უნდა იცხოვროს. ვცდილობთ, ბედნიერებით დავტკბეთ და დაოჯახებას არ ვჩქარობთ.
- გიორგისა და მარიამ როინიშვილს ოჯახი რომ დაენგრათ, ამბობდნენ, - გიორგიმ უღალატაო... ის "მესამე" შენ ხომ არ იყავი?
- არა, ასე ნამდვილად არ არის, არანაირი მესამე პირი არ ყოფილა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი. ჩვენი სიყვარულის ამბავი მათი დაშორებიდან კარგა ხნის შემდეგ დაიწყო... რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ხშირად, ოჯახის დანგრევას ყოველთვის ვიღაცას აბრალებენ, მაგრამ მერწმუნეთ, მე ნამდვილად არ ვყოფილვარ მათი დაშორების მიზეზი... სხვათა შორის, გიორგი ერთგული ადამიანია და არასდროს არავის ღალატობს; მეც, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასდროს ავაგებ.