როგორც ადრე ვყვებოდით, ყურბან საიდის გახმაურებულ რომანს ''ალი და ნინო'' კინემატოგრაფებმა დიდი ყურადღება მიაქციეს, იყო რამდენიმე სერიოზული ინიციატივა ჰოლივუდში, ბოლოს კი თურქებმა და აზერბაიჯანელებმა ''ივაჟკაცეს'' და პროექტის სახე მისცეს. სულ ცოტა ხნის წინ კი გადაღებებიც დაიწყო.
''აღმოსავლურ რომეო და ჯულიეტად'' წოდებულ მაჰმადიანი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარულის ამბავს ეკრანზე გადაიტანენ. გადაღებები მადრიდსა და ბაქოშია დაგეგმილი. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილი ლეილა ალიევაა.
სცენარი ბრიტანელმა მწერალმა და რეჟისორმა, ოსკაროსანმა კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა, პროდიუსერი კრის ტიკიეა, მთავარი რეჟისორი - აზიფ კაპადი. საავტორო უფლებები ბრიტანულ კომპანიას ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი კი ''სამეფო კარის თამაშების'' დიზაინერი მიშელ კლეპტონია.
რაც შეეხება მთავარ გმირებს - აზერბაიჯანელ ალისა და ქართველ ნინოს. ამ უკანასკნელის როლზე არც კი უძებნიათ ქართველი კანდიდატურა, საბოლოოდ ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე დაამტკიცეს, ცნობილი ფილმის ''ციდან სამ მეტრზე'' მონაწილე. მარია თანამედროვე ესპანური კინოს ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.