საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ თურქულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს კონსულმა ახალგაზრდა ქალი ცემა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და კონსული ირაკლი ასაშვილი მოგვიანებით თავადაც გააკეთებს განცხადებას.
თურქული მედიის ინფორმაციით კი, სტამბოლში საქართველოს კონსულმა, ირაკლი ასაშვილმა მოლდოველი სტილისტი, ირინა ბერეზინა სცემა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი სტილისტის სახლში მოხდა, კონსულმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც გოგონას ცხვირი დაუზიანდა.
"ვიკამათეთ, ასაშვილმა ყვირილი და ცემა დამიწყო. ცხვირში დამარტყა. ვიგრძენი, რომ ძვალი გატყდა, იმდენად მაქვს დაზიანებული ცხვირი, რომ პლასტიკური ქირურგის ჩარევა მჭირდება", - განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა მოლდოველმა გოგონამ.
თურქული მედიის ცნობით, ასაშვილსა და მოლდოველ გოგონას ორწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ.