წიგნის მოყვარულებს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მორიგი სიურპრიზი შესთავაზა. პროექტ "ლიბერთინსის" უკვე ტრადიციად ქცეული აქციის ფარგლებში, ამჯერად მსოფლიო ბესტსელერი ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" 10 ლარის ნაცვლად, 3 ლარად გაიყიდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სასურველი წიგნის ხელსაყრელ ფასში შეძენისა და 15 წლის ჰარიეტ მანერსის თავგადასავლის გაცნობის სურვილმა თინეიჯერები, და არა მარტო ისინი, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეასთან" შეკრიბა.
წიგნის მიმართ ქართველი თინეიჯერების დიდი დაინტერესება უყურადღებოდ არ დაუტოვებია თავად ავტორს. ჰოლი სმეილი "ბიბლუსი გალერეასთან" შეკრებილ წიგნის მოყვარულებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა და მათ ქართულად გადაუხადა მადლობა.
"დიდი მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა, თქვენ გასაოცრები ხართ!", - წერს წიგნის ავტორი.
ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" 15 წლის ჰარიეტ მანერსის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც როგორც ნამდვილმა გიკმა - ძველმოდურმა, ენთუზიასტმა და უსარგებლო სიტყვების მოყვარულმა, ბევრი რამ იცის, თუმცა ვერ ხვდება, სკოლაში რატომ არავის მოსწონს და როცა შანსი ეძლევა, ყველაფერი შეცვალოს, ჰარიეტი შემთხვევას ხელიდან არ უშვებს. მოახერხებს კი გიკი გოგო, მომხიბლავ ქალიშვილად იქცეს, - ამ კითხვაზე პასუხის პოვნას მკითხველი ჰოლი სმეილის წიგნში შეძლებს.
ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" უკვე რიგით მესამე წიგნია, რომელიც პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოიცა. მხოლოდ ერთი საათით დაგეგმილი აქცია ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, იქამდე გაგრძელდა, ვიდრე წიგნის შეძენა ყველა მსურველმა არ შეძლო. გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის მოყვარულებს მსგავს აქციებს მომავალშიც ჰპირდება.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერის, თინათინ ფეიქრიშვილის განცხადებით, იმავე წიგნზე მსგავსი აქცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა ქუთაისში და საკმაოდ წარმატებული იყო.
"ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში მესამე წიგნზე გაიმართა აქცია თბილისში. ეს წიგნი არის ჰოლი სმეილის "გიკი გოგო". მოხარულები ვართ, რომ ასობით თინეიჯერი იდგა რიგში და ელოდებოდა წიგნის შეძენას. ჩვენ მსგავსი აქცია ჩავატარეთ ქუთაისში, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და მოხარულები ვართ, რომ რეგიონები აქტიურად არიან ჩართულები მსგავს პროექტებში", - აღნიშნა ფეიქრიშვილმა.
მისივე თქმით, მორიგი აქცია იგეგმება აპრილის დასაწყისში და ეს შეეხება ჯეიმზ დაშნერის წიგნის "ლაბირინთში მორბენალის" მეორე ტომს, "ცეცხლით გამოცდას".
ნათია რუხაძე
AMBEBI.GE