ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე კახა კუკავას ტყუილში ამხელს. საქმე ეხება, ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, აქციაზე მისულ ფოტოკორესპონდენტს კამერა დაუზიანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"სამწუხაროდ პირდაპირი ეთერის ამ ვიდეო ჩანაწერს 2 დღის დაგვიანებით გავეცანი და ფრიად შეურაცხყოფილი დავრჩი, საუბარი მაქვს არა მარტო ვერბალურ მონათხრობზე, არამედ პოლიტიკოსის ჟესტიკულაციებზე და მისი სახის მიკროექსპრესიებზე, რომელიც მას სიცრუეში ამხელს, უფრო ნათლად რომ ვნახოთ, გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს და გაჩერებულ კადრებს სადაც ის იტყუება.
დიდ დროს არ წაგართმევთ, მივყვეთ დეტალურად...
ტყუილი N
1. "ურთიერთობა დაზარალებულ ფოტოგრაფთან გაირკვა იმავე საღამოს"
თქვენ ბატონო პოლიტიკოსო, მარცხენა ტუჩი გაგექცათ მარცხნივ... თქვენ ტყუით, თანაც თქვენი და გუნავას შეხვედრა ჩემთან მხოლოდ მე 3 დღეს მოხდა..
2. " შევხვდით ირაკლი გედენიძეს... იქ ვისაუბრეთ ზარალის ანაზღაურებაზე... "
აქ კი თქვენ ტუჩი ჩაკვნიტეთ, მსუბუქად... ანუ? მე გითხარით რომ თანხობრივ ანაზღაურებაზე საუბარი არ იქნება. დაზიანდა კამერა? მაშუქი? ობიექტივი? დადგინდეს კონკრეტულად რომელი და ის ანაზღაურდეს მატერიალურად მეთქი, მე ტექნიკის სავარაუდო ღირებულებაც არ დამისახელებია... მაშინ რა ხდება? აპარატურის ღირებულება ხომ არ დაადგინეთ? ამ მიკროექსპრესიით (ტუჩის ჩაკვნეტით) თქვენ თქვენივე დადებულ პირობას ეწინააღმდეგებით
3. "ბუნებრივია რომ ეს პრობლემა მოგვარდა" აქაც იგივე მეორდება, ანუ თქვენ სატელევიზო ეთერით კიდევ იტყუებით, თუმცა ალბათ აცნობიერებთ შესაძლო შედეგებს ან ვერა..
4. "თუმცა რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ ეს თავიდანვე იყო.... პროვოკაციული ფონის შექმნა... "
აქ თქვენი ქვეცნობიერი ზედიზედ "გყიდით" და ამბობს სიმართლეს, თქვენ კი
ვერბალურად სხვა რამეს ამბობთ.. კერძოდ ტუჩებს ილოკავთ, ტუჩი ისევ მარცხნივ გაგირბით, და რაც ყველაზე მთავარია პროვოკაციაზე საუბრისას ტუჩის ზედა ნაწილს ოდნავ ზევით სწევთ (ზიზღს გამოხატავთ, ეს ბუნებრივიცაა) თავით, კისრით და ოდნავ ტანითაც ისევ და ისევ მარცხნივ იხრებით, რას ნიშნავს? იქნებ გსურთ რომ ეს ასე იყოს? კონკრეტულად ამ
სიტუაციიდან გამოსავალს ეძებთ? მგონია რომ მამა შვილის პროვოკატორებად შერაცხვას ცდილობთ, ამ აზრს მიმტკიცებს გუნავას სატელეფონო ზარი, სადაც რამოდენიმეჯერ მკითხა
აზრი მამა შვილის პროვოკატორობის შესახებ, რაზედაც კატეგორიული უარი ვუთხარი...
5. " მე ვესაუბრე ექსპერტიზას და აღმოჩნდა ასე... "
ამ სიტყვის წარმოთქმისას თქვენ ორივე წარბს ზემოთ წევთ, ანუ? ჩაგრულის იმიჯს თამაშობთ? საზიზღარი ფოტოგრაფი როგორ გჩაგრავთ არა? უკეთესი მოუნდა? ისევ და ისევ საზოგადოების ნერვებზე თამაშობთ ბატონო პოლიტიკოსო.. შემდეგ ფრაზაში კი სადაც ამბობთ, რომ აპარატი დამსხვრეული არაა თქვენ კამერას ანუ მაყურებელს თვალს უსწორებთ, ეს კი წინასწარ გათვლილი მოძრაობაა და თქვენ ცდილობთ თქვენი სიმართლე მაყურებელს თავს მოახვიოთ... მინდა დავსვა კითხვა საიდან ასე დარწმუნებითი ფორმა პასუხის გაცემის, როცა საბოლოო ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ ჩატარებულა?", - წერს გედენიძე.