გთავაზობთ მორიგ კრიმინალურ ამბავს გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:
კიდევ ერთი გამომძიებელი, ბატონი კობა დაგვეთანხმა თანამშრომლობაზე.
"უსამართლობას ვერასოდეს ვეგუებოდი და ამიტომაც ავირჩიე გამომძიებლის ურთულესი პროფესია. რამდენიმე საქმეს გავიხსენებ ჩემი პრაქტიკიდან, რომლებიც განსაკუთრებული სიმძაფრით მახსენებს თავს. ერთ-ერთია ახალგაზრდა ქალის, ლალი აბრალავას ტრაგედია, სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს ქმარმა და მისმა ახლობლებმა, და არა მხოლოდ ის..." (გვარ-სახელები ყველგან შეცვლილია)
...მეზობლების ყურადღება ბოსელში გამოკეტილი პირუტყვის ბღავილმა მიიპყრო. გალინა ზოდელავა ყოჩაღი ქალი იყო და ამ დრომდე პირუტყვს უყურადღებოდ არ დატოვებდა. გამთენიისას დგებოდა და ყველას ასწრებდა ძროხების მოწველასა და საძოვარზე გაგდებას. შეუძლოდ რომ ყოფილიყო, ქმარი გააკეთებდა მის საქმეს, ამიტომ დაუფიქრებლად შეაღო მათი ჭიშკარი ნინა კეკუამ:
- გალინა-ა, სიმონ!.. სადა ხართ, ხალხო, დაიხოცეთ თუ რა უბედურებაა თქვენს თავს?!
არც გალინასა და არც სიმონს მეზობლის დაძახებაზე არ გამოუხედავთ. ცოტა ხანში მათი 7 წლის შვილიშვილი ნიკო გამოჩნდა ღია კარში. ნამძინარევ თვალებს იფშვნეტდა.
- სადაა ბებია?! - ჰკითხა ბავშვს ნინა კეკუამ და სანამ ბავშვი უპასუხებდა, ეზოში მკვდარი ძაღლი დაინახა. საბრალო ყურშასთვის ვიღაცას ნაჯახით გაეჩეხა თავი და იქვე მიეგდო საშეშეზე...
შიშმა შეიპყრო ნინა და როცა მეზობლების საძინებლის კარი შეაღო, შემზარავი სურათის დანახვისას გული წაუვიდა: ვიღაცას ნაჯახით გაეპო თავები მძინარე ცოლ-ქმრისთვის - სიმონი და გალინა ზოდელავები საკუთარი სისხლის გუბეში იწვნენ...
ნიკო კარგა ხანს დამუნჯებული იდგა და შეშლილი თვალებით უცქერდა ბებია-ბაბუას. ისევ გონს მოსულმა ნინამ გამოაფხიზლა, - გაიქეცი და ხალხი მოიყვანე, მთელი სოფელი შეყარეო!..
როცა ადგილზე მივედით, პირველ რიგში ოჯახის სხვა წევრები მოვიკითხეთ. მეზობლებმა კი აი, რა გვითხრეს: