"საკმარისია სტუდიაში გვყოლოდა, ტრანსგენდერი, რომ უამრავი კომენტარი წამოვიდა"
"დედამ კარგად იცის, ვინც ვარ. შესაძლოა, უთქვამს კიდეც, რომ ეს საქართველოა და არა საფრანგეთი, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმეს რაიმე დავუმტკიცო."
მერსი სულხანიშვილი, ეს სახელი და გვარი, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, ვინ არის და რითი გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. გოგონა, რომელმაც მკერდი მოიშიშვლა და საზოგადებას თავი ასე დაამახსოვრა, პროფესიით ჟურნალისტია, იზიდავს მოდის სფერო და ამ სფეროზე ბევრსაც წერდა, თუმცა ჩვენში მას სულ სხვა იმიჯით იცნობენ.
- მერსი, არ გაწუხებს იმიჯი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიძინე?
- ხანდახან შეიძლება მაწუხებს კიდეც, რადგანაც ზოგჯერ მეგობრებისგანაც კი მესმის კრიტიკა. მეუბნებიან, - ჭკვიანი გოგო ხარ და ასე რატომ გაგიცნესო? ჩემმა გარშემომყოფებმა იციან, რეალურად ვინც ვარ. ტელეეკრანი სხვა რამ არის და მის მიღმა ცხოვრება - სხვა. ჯერ 23 წლის ვარ და კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი... ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება, როგორც ჩემზეა, სხვებზეც აქვთ. თუმცა ვინ ვინ არის და როგორი, ამას დრო შეაფასებს...
- ისე, რაც უნდა გააკეთო ხომ იცი, რომ მაინც ის გოგონა იქნები, რომელმაც მკერდი მოიშიშვლა და ასე გახდა პოპულარული...
- იცით, რომ გადაცემა "სხვა რაკურსის" პროდიუსერის ასისტენტი ვარ. ამავე დროს იმავე გადაცემის ჟურნალისტიც. ერთ-ერთ შოუში სტუმრის სტატუსით ვიყავი და იმავე შოუში, ჩემი როგორც ჟურნალისტის, სიუჟეტიც გავიდა, რომელიც დადებითად შეაფასეს, მაგრამ მაყურებელმა იმის ინდეტიფიცირება ვერ მოახდინა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო და ასე მრავალფეროვნად წარვდექი ერთსა და იმავე გადაცემაში...