ტელეკომპანია "ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კომპანია "მაგთის" არასერიოზულ პარტნიორს უწოდებს და აუდიტორიას ატყობინებს, რომ უახლოეს დღეებში "მაგთისატის" საშუალებით "ტაბულას" ყურებას ვეღარ შეძლებენ, რადგან კომპანიამ ტელევიზიისგან დამატებით 5000 დოლარის გადახდა მოითხოვა.
"ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რატომ ითიშება ტაბულა მაგთისატზე 25 მარტიდან.
მიზეზი შემდეგია - მაგთიმ მოითხოვა დამატებით (სიგნალის გავრცელებაში ისედაც ვუხდიდით 3000 დოლარს) 5000 დოლარი იმისთვის, რომ ჩვენი არხი საკუთარ პაკეტში ჩასვას.
მათი ინტერპრეტაციით მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან ვალდებულები გაგვავრცელონ, თუ სატელიტზე ღია სიგნალით ვვრცელდებით, რადგან სატელიტზე ღია სიგნალით არ ვართ, არ აქვთ ვალდებულება უფასოდ გაგვავრცელონ.
კომიკური ის არის, რომ თავიდან უბრალოდ გვთხოვეს ბარტერი გავაფორმოთ, თანხა არ გვინდაო. გავაფორმეთ. ერთ თვეში ჩაშალეს. რადგან ჩაშალეს, გადავწყვიტე მაგთის დავმშვიდობებოდი. მერე თავიდან შეგვეხმიანენ და გვითხრეს რომ ბარტერი უნდათ. ისევ გავაფორმეთ კონტრაქტი, ერთი თვე ვითანაშრომლეთ ამ კონტრაქტის საფუძველზე და მერე ისევ გვითხრეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტა უნდოდათ.
მოკლედ, არასერიოზულად მოიქცნენ.
ამ სიტუაციაში ცხადია მირჩევნია მაგთის ფული არ ვუხადო, როგორც არასერიოზულ პარტნიორს, მეტი გადავიხადო - სატელიტით გავვრცელდე და მაგთი დავავალდებულო უფასოდ გამავრცელოს.
პრინციპულადაც უკეთესია და ბიზნესის თვალსაზრისითაც.
ამ ეტაპზე სატელიტზე გასასვლელი სახსრები არ გვაქვს, მაგრამ მალე გვექნება.
მოკლედ, ბოდიში მაგთისატის მომხმარებლებთან. თუ ტაბულას ყურება თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგთისატთან კონტრაქტი გააუქმეთ და სხვა კომპანია აარჩიეთ.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ტაბულას მაგთისატიდან გათიშვის ამბავმა შეგაშფოთათ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი