გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტომ 4 თვის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 24 წლის გოგონას კუთვნილი პენსიის მიღება შეუჩერა. ნატო ნანობაშვილის საპენსიო ბარათს ვადა გაუვიდა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას ის დედის საკუთარ მეურვედ დანიშვნამდე ვერ მიიღებს.
24 წლის გოგონას, რომელიც შშმ პირების ეტლით გადაადგილდება, წერა-კითხვა არ შეუძლია. მან ხელი ვერ მოაწერა საბუთს, რომელიც დედის მეურვედ დანიშვნას ითვალისწინებდა. სწორედ ამ მიზეზის გამო დარჩა ნატო პენსიის გარეშე. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და შშმ გოგონასათვის აუცილებელ მედიკამენტებს ვერ ყიდულობს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.
"როდესაც მივედი და სმარტი ბარათი გაატარეს ტერმინალზე, მითხრეს, რომ პენსია დარიცხულია, მაგრამ შეჩერებულია იმის გამო, რომ უნდა ჰქონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება მეურვის დანიშვნის შესახებ. იმისი უფლება არ ჰქონდა, რომ იმ საბუთზე მე ამის მეურვედ ვყოფილიყავი? ასე მითხრეს, რომ რაღაცა საბუთი შევავსოთ, გავიტანოთ და ხელი მოვაწერინოთო. მე ვუთხარი, რომ ამას წერა-კითხვა არ შეეძლო. მაშინ ვერ აღვუდგენთ პენსიასო", - განაცხადა ნატოს დედამ, ნინო ნანობაშვილმა.
მისი განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა გოგონას ფსიქიკური და გონებრივი მდგომარეობა შეამოწმეს, თუმცა ნატო ნანობაშვილის ოჯახს დასკვნა ამ დრომდე არ მიუღია. გურჯაანის სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ნატო ნანობაშვილს კუთვნილი დახმარება იმ შემთხვევაში დაენიშნება, თუ სასამართლო გოგონას ქმედუუნაროდ სცნობს.
წყარო: ტელეკომპანია "გურჯაანი"