მსახიობი ლალი ბადურაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუს დროს თანამედროვე პოლიტიკოსებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. მან ჩვენი დროის პოლიტიკოსებსა და "დიდოსტატის მარჯვენის" პერსონაჟებს შორის პარალელის გავლებაც სცადა.
გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს ინტერვიუდან:
"ჩინგიზ-ხანს არ ჩაუდენია საქართველოში იმდენი სისაძაგლე, რაც ამათ ჩაიდინეს და კიდევ მათ მიტინგზე მიდიხართ? ვერ ხედავთ, რომ სააკაშვილი დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდა საქართველოს, ისევ აგრძელებენ ყოველივე ეროვნულის ნგრევასა და აბუჩად აგდებას!"
"ორი ადამიანი, რომელთა დაძახებაზეც გამოვალთ, არიან საქართველოს პატრიარქი და ბიძინა ივანიშვილი. ერს სწორება ამ ორ ადამიანზე აქვს, დანარჩენების მოწოდება სასაცილოა."
"მეფე გიორგის ვერცერთ პოლიტიკოსში ვერ ვხედავ. რაც შეეხება შორენას - მასავით დაუდეგარი ხასიათი აქვს ირმა ინაშვილს. ნიჭიერი, მაგრამ შურიანი ფარსმან სპარსებით სავსეა საქართველო, კონკრეტულ ადამიანს არ დავასახელებ. გვყავს არსაკიძის მსგავსი გენიოსი ხელოვანი, ეს არის რობერტ სტურუა, რომელსაც მარჯვენის მოჭრაზე ნაკლები არ გაუკეთეს, როდესაც თეატრიდან გაათავისუფლეს. ტაძრების აღმშენებლად კი ბიძინა ივანიშვილს მოვიაზრებ, რომელმაც არამარტო სამება, არამედ კიდევ 400 ეკლესია ააშენა და ერის კონსოლიდაცია მოახდინა. არ დავუშვათ ბიძინასთვის არსაკიძესავით მარჯვენის მოჭრა."