მერაბ მეტრეველმა გადაცემაში "რეზიუმე" პაატა ზაქარეიშვილს მისი ცნობილი განცხადების განმარტება სთხოვა, რომელშიც მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინი ადამიანია და შეუძლებელია, ადამიანი იყოს სახელმწიფოს მტერი[მეტი].
მინისტრმა "რეზიუმეში" მისი ცნობილი გამონათქვამი განმარტა, თუმცა ამ განმარტებას არანაკლებ ხმაურიანი კომენტარები მოჰყვა ...
"ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, როცა სახელმწიფოს პიროვნებას უყენებთ მტრად. მე არსად მითქვამს, რომ პუტინი არ არის მტერი. მე ვთქვი რომ პიროვნება, ადამიანი, ვერ იქნება საქართველოს მტერი. მტერი არის რუსეთის სახელმწიფო. პუტინი ჩაჯდა ტანკში, შემოვიდა, ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე? ჩამოვყალიბდეთ მცნებაში, რას ნიშნავს მტერი. სადმე ნოვოროსიისკში ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, რომელიც ამბობს, მე ვარ საქართველოს მტერი, შეიძლება იყოს საქართველოს მტერი? მტერი შეიძლება იყოს, მტრული განზრახვის რეალიზატორი ადამიანი და ვერც ერთი ადამიანი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული განზრახვის რეალიზაციას ვერ მოახდენს" - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში".