წიგნების სერია "ჩვენი ეპოქა 20 წელი" თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის. 9-დან 16 მარტამდე მკითხველი სერიის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ბოლო დროის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პერიოდის, 2008 წლის ისტორიებს, "საქართველო 08.08.08" გაეცნობა.
Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან:
13 წლის გივიკო წვერავა ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა რუსული სისასტიკის.
გივიკო წვერავა: "შეშინებულმა დედამ ხელი დამავლო და ქუჩაში გავიქეცით. ამასობაში ბომბები კიდევ ერთხელ ჩამოყარეს. დედა გადამეფარა. ბომბები ახლომდებარე გარაჟებს დაეცა. ყველაფერი ინგრეოდა და ფეთქდებოდა. ბომბებისა თუ აფეთქებული შენობების ნამსხვრევები მოგვხვდა მე და დედას. უცბად საშინელი ტკივილი ვიგრძენი ფეხში. ნახევარი საათი ვეგდე მიწაზე. მერე არ ვიცი, საიდან, ჩვენი ჯარისკაცები მოვიდნენ, ჯერ გორის ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში გადმომიყვანეს. ჩემი სახლი სულ დანგრეულია, დედა მასშემდეგ აღარ მინახავს. ბებო მეუბნება, ოპერაცია გაუკეთეს და გორის ჰოსპიტალში წევსო"...
ციცინო ქუშაშვილი: "ჩემი ქალიშვილი მთელი ტანით გადაეფარა ბავშვს. პირდაპირ თავში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი. საკუთარი თვალით ვუყურე, სიმწრით როგორ გადაწვა უკან... მეც ქუჩაში გამოვვარდი. ვყვიროდი – მიშველეთ, დამეხმარეთ, ხალხო-მეთქი. ათ წუთში ჩემს ხელებში დალია სული ჩემმა
შვილმა..."
შეგახსენებთ, "ჩვენი ეპოქა 20 წელი" ორშაბათს, 9 მარტს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.