ამერიკელი მსახიობი ჰარისონ ფორდი ლოს-ანჯელესში მცირე ზომის საკუთარი თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია. 72 წლის ვარსკვლავი მძიმედ დაშავდა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მსახიობის შვილი ბენ ფორდი "ტვიტერის" გვერდზე წერს, ჰარისონ ფორდი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, ის სანტა მონიკას აეროპორტიდან აფრინდა, თუმცა, მალევე მიხვდა რომ ძრავა გაუმართავი იყო, უკან დაბრუნება სცადა, მაგრამ დასაფრენ ზოლამდე ვეღარ მიაღწია და გოლფის ერთ-ერთ მოედანზე დაეშვა. ინციდენტს ხანძარი არ მოჰყოლია. ჰარისონ ფორდი ბორტზე მარტო იმყოფებოდა.