მომღერალი სოფო გელოვანი უკვე ორი ბიჭის დედაა. მეუღლე და მამამთილი გინეკოლოგები ჰყავს, ამიტომ ფეხმძიმობისას ოჯახშიც კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მიუხედავად მეუღლის პროფესიისა, ნოდი ლანდიას მაინც გაუჭირდა ცოლის მშობიარობაზე დასწრება.
- აკა დაიბადა შობის წინა დღეს, 6 იანვარს, ორი-სამი კვირით ადრე გაჩნდა, ვიდრე ველოდით. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- მამა დაესწრო მშობიარობას?
- კი, დაესწრო, ოღონდ ეს ჩემი სურვილი იყო. დათაზე მშობიარობის დროს ნოდი პეტერბურგში იყო და რაღაცნაირი დანაკლისი მქონდა მის გამო, ამიტომ ამჯერად მინდოდა, ჩემთან ერთად ყოფილიყო. სიმართლე გითხრა, მეგონა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, ვეტყოდი, არ დაესწრო-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა ჩემთან ყოფილიყო, ამ დროს განსაკუთრებით გჭირდება ახლობელი ადამიანი, რომელიც გვერდში გეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ნოდის მშობიარობაზე დასწრების დიდი სურვილი არ ჰქონია, ჩემ გამო შეძლო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავად გინეკოლოგია და ეს ყველაფერი მისთვის ახალი არ იყო, მაინც რთული აღმოჩნდა, ეს პროცესი დიდ განცდებს უკავშირდება, მით უმეტეს, როცა საქმე შენი ოჯახის წევრს ეხება.
- ნოდი, როგორც ექიმი, ორსულობის პერიოდში რჩევებს თუ გაძლევდა?
- კი, რა თქმა უნდა. ოჯახში ნოდის გარდა კიდევ გვყავს გინეკოლოგი, ჩემი მამამთილი - დავით ლანდიაც ამ სფეროს წარმომადგენელია. შეიძლება ითქვას, ოჯახში ექიმების მეთვალყურეობს ქვეშ ვიყავი, არ დამჭირვებია ექიმებთან ხშირი ვიზიტი, ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს.
- მშვიდი ორსულობა გქონდა?..
- კი, მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი, 31 დეკემბერს მქონდა კონცერტი და 5-6 დღეში ვიმშობიარე, ბოლო დღემდე სცენაზე ვიდექი. როდესაც ფეხმძიმობა ძალიან ჩვეულებრივად მიდის, არანაირი შეზღუდვა არ გაქვს, აკეთებ იმას, რაც გინდა. მეც ისე გავატარე ორსულობა, ვერც გავიგე, არ შევუწუხებივარ ამ პროცესს, ბოლო დღეებში დავმძიმდი და მალევე გავაჩინე.