ქართულ პრესაში გამოჩნდა სტატია, რომელშიც ავტორი დავით გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე იუწყებოდა. სტატიას ინტერნეტშიც განიხილავდნენ, რასაც ზოგიერთი ნეგატიური კომენტარიც მოჰყვა.
ინფორმაციას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერთა საბჭოს წევრი მანანა ნაჭყებია Facebook-ის საშვალებით ეხმაურება, რომელშიც პოლიტიკოსი უარყოფს გამყრელიძის პოლიტიკურ გეგმებს.
"მინდა მათ, ვინც მართლა გულწრფელად დაინტერესდა დავით გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თემით, გამოვეხმაურო.
ჩემთვის და ბევრი გონიერი ადამიანისთვის მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა ეს ინფორმაცია რომ სინამდვილე იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის და არანაირი კონსულტაციები მის დაბრუნებაზე პოლიტიკაში, მით უმეტეს გაზეთის მიერ წარმოდგენილ კონფიგურაციაში, არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება ამ ინფორმაციის ახლა გამოჩენის მიზეზებს.
ალბათ ვიღაცას სურს თავიდანვე არამომგებიან კონფიგურაციაში წარმოადგინოს დათო გამყრელიძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება და ამით საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ეს? ალბათ, კონკურენტების, სახელისუფლებო თუ სხვა ძალების. როგორც ჩანს, ვიღაცას შეეშინდა, რომ მართლაც შესაძლოა გამოიკვეთოს ალტერნატივა და სწორად მიხვდა, რომ ამ ალტერნატივას დათო გამყრელიძე სწორედაც რომ გააძლიერებს. დღეს ქართულ პოლიტიკაში მყოფი ადამიანების წარმოუდგენლად დაბალი პროფესიონალიზმის ფონზე დათოს პროფესიონალიზმი მართლაც აშკარად ნათელია. ამას დათოს მტრებიც ხვდებიან და ეს უფრო აღიზიანებთ.
გარდა ამისა, ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ და ცხადია, უნდა დავუჯეროთ, ადამიანის ქვეცნობიერში გაჭირვებისას სწორედ იმ ადამიანის წამოტივტივება ხდება, ვისაც შესაძლო მშველელად აღიქვამს. შესაძლოა, სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან 2012 წელს, როცა ხალხი ჯერ კიდევ იმედით უყურებდა ოცნებას, გამყრელიძე არავის გახსენებია.
რაც შეეხება იმათ, ვინც ფეისბუქში უხამსი გამონათქვამებით გამოეხმაურნენ ამ თემას, ვუპასუხებ: პატივს ვცემ თქვენს ნებისმიერ მოსაზრებას, თუ ეს არაშეურაცხმყოფელი ფორმით არის გამოხატული, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. შეუარცხმყოფელს - უბრალოდ, არ განვიხილავ", - წერს ნაჭყებია.