"პალიტრა TV", კომპანია "მაგთიკომის" მიერ პრესაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"პალიტრა TV" საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს, რომ 3 მარტს პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებაში "მაგთიკომი პალიტრა TV-ს კამპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს" მაგთიკომი პირველივე აბზაცში ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
კონკრეტულად, (ციტატა): "მაგთისატი ყოველთვის იცავს კანონის მოთხოვნას და Must Carry პრინციპის დაცვით, თავის სამაუწყებლო ბადეში ათავსებს ყველა იმ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-40-1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკუთარი ხარჯით ახდენს სამაუწყებლო სიგნალის თანამგზავრზე მიწოდებას".
"მაგთიკომი" ამ განცხადებით ამახინჯებს რეალობას. მაგთიკომის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მაგთისატის სატელევიზიო პაკეტში ჩართული 23 ქართული არხიდან მხოლოდ 9 არხია ჩართული თანამგზავრის საშუალებით. დანარჩენი არხები სიგნალს გადასცემენ სხვა საშუალებებით, მათ შორის 4 ტელეკომპანია - "რუსთავი 2", "ტაბულა", "კომედი არხი" და "ერთსულოვნება" სიგნალს აწვდიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. პალიტრა TV სწორედ ამ საშუალებით იყო და არის მზად საკუთარი ხარჯებით მიაწოდოს სიგნალი მაგთისატს.
მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე, მაგთიკომი გამოთქვამდა მზაობას ჩაერთო პალიტრა TV ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს, "მაგთიკომი" ოფიციალური წერილით აცხადებდა მზადყოფნას ჩაერთო პალიტრა საკუთარ ბადეში, როგორც კი დაასრულებდა სპეციალური სადგურის მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სადგურის მშენებლობა დასრულდა, მაგთიკომს ეს პირობა დღემდე არ შეუსრულებია.
ვაცხადებთ, რომ მიუხედავად მაგთიკომის მონდომებისა (ჩვენთვის დღემდე უცნობი მიზეზების გამო), რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ ჩართოს პალიტრა TV საკუთარ პაკეტში, ჩვენ დავიცავთ საკუთარ და მაყურებლის უფლებებს და აუცილებლად მივაღწევთ Must Carry-ს პრინციპებით გათვალისწინებულ შედეგს.
გვსურს, ვაცნობოთ სოფლად მცხოვრებ "მაგთისატის" იმ აბონენტებს, რომლებსაც სურთ "პალიტრა TV" -ს ყურება - ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მათთვისაც, დისკრიმინაციის გარეშე, ხელმისაწვდომი იყოს სასურველი ინფორმაციის მიღება",-ნათქვამია "პალიტრა TV"-ის განცხადებაში.