ხათუნა ჟორდანია ''ორ ვარსკვლავში'' გიო ხუციშვილთან ერთად მონაწილეობს. კონკურსში პირველადაა, თავიდან არ მოსწონდა პროექტში ყოფნა, მაგრამ ახლა ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ყოველ კონცერტზე მათი წყვილი ღირსეულად წარდგეს მაყურებლის წინაშე.
- თავიდან ბევრჯერ ვინანე, ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობას რომ დავთანხმდი. მე და გიოს ძლიერი კონკურენტები გვყავს. ახლა აზარტში ვარ და კვირიდან კვირამდე ბევრს ვმეცადინეობ.
- ძლიერ კონკურენტებში ვის გულისხმობთ?
- ილო ბეროშვილს, მიკი ჯეჯელავას, პეჩოს, მანიკა ასათიანს. მე თეა დარჩიაც ძალიან მომწონდა და გული დამწყდა, რომ პროექტი დატოვა.
- თქვენს ნამღერს ოჯახის წევრები როგორ აფასებენ?
- ზურას შენიშვნები ყოველი ტურის შემდეგ აქვს და მეც სულ ვცდილობ, კვირიდან კვირამდე მივიღო და გავითვალისწინო. ზურას შენიშვნები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ არ ვმღერი მთელი ჩემი შესაძლებლობებით. ბოლო ტურზე კი მითხრა, რომ გიოსთან სცენაზე კონტაქტი საერთოდ არ მქონდა. პირველ ტურზე იყო ანასტასიაც, მაგრამ მერე ავუხსენი, რომ ყოველ კონცერტზე მისი ყოფნა აუცილებელი არაა. როდესაც ჩვენი გადაცემა ეთერშია, იმ დროს ანასტასიას უნდა ეძინოს და ზურა ვერ იტანს, როცა მისი რეჟიმი ირღვევა. ისე მოხდა, რომ ჩვენ ყოველთვის პირველ ოთხ მონაწილეს შორის ვართ ხოლმე. გვიყურებს და მერე იძინებს. ანასტასია არასდროს მაკრიტიკებს. როდესაც ვეკითხები, მოგეწონა ჩემი ნამღერი-მეთქი, მოკლედ მპასუხობს, კი, მომეწონაო.
- კონკურსში, როგორც ვიცი, პირველად მონაწილეობთ.
- ''ორი ვარსკვლავი'' ჩემი პირველი და უკანასკნელი კონკურსია.
- უკანასკნელი რატომ?
- ''ორ ვარსკვლავში'' მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავბედე, რომ სიმღერას ეხება. ზოგადად, სიტყვა კონკურსი არ მიყვარს. მე კი არა, როდესაც ნინისა და ზუკა ხუციშვილის დუეტი ძალიან მოდაში იყო, მაშინ მეც და ზუკას დედასაც ბევრჯერ შემოგვთავაზეს, სხვადასხვა კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. არანაირი კონკურსის მოგება არ ღირს იმ ნერვიულობად, რასაც მონაწილე პროექტში ყოფნისას განიცდის.
იხილეთ გაგრძელება